სამართალი
თავდაცვის უწყება დაღუპული ჯარისკაცების ვინაობას არ ახმაურებს

naghmtyorcniთავდაცვის სამინისტრო სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ვინაობასა და წოდებას ამ დრომდე არ ახმაურებს.

ინციდენტთან დაკავშირებით, „საქინფორმი“ თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელს – სალომე მახარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განუცხადა, რომ დაღუპულთა და დაჭრილთა ვინაობის გახმაურებას სამინისტრო ჯერჯერობით არ აპირებს.

„ინციდენტის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა წოდებას, სახელებსა და გვარებს ჯერჯერობით არ ვავრცელებთ, თუ რამე შეიცვლება, ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე იქნება“, – განაცხადა მახარაძემ.

სააგენტო დაღუპულთა პირადი მონაცემების არგახმაურების მიზეზების გარკვევასაც შეეცადა, თუმცა მახარაძემ ამის მიზეზი არ დააკონკრეტა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით, 11:00 საათზე, პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის ჯარისკაცების წვრთნების დროს სასწავლო ცენტრ „კრწანისში“აფეთქება მოხდა. 120 მმ ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქება, სავარაუდოდ, წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია.

უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულია სამი სამხედრო მოსამსახურე და დაჭრილია 13. ისინი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, სადაც თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას და სამინისტროს მაღალჩინოსნებს ელიან.

„კრწანისში“ მომხდარ შემთხვევას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებს.