პოლიტიკა
დაიკითხნენ ვასილიჩი, ჩიორა და მისი ქმარი და „თავისუფალი ზონის“ წევრები

  საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. გივი თარგამაძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოში მისვლისგან თავი შეიკავა, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 ”სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას. ჩემი ინფორმაციით, ის დაბარებული იქნა გამოკითხვაზე, თუმცა მან თავი შეიკავა მისვლისგან. აქედან გამომდინარე, “ქართული ოცნების” მხრიდან საქმის განხილვის გაჭიანურებაზე საუბარი, ბუნებრივია, ზედმეტია...

 თუ გამოძიებაში გამოიკვეთება, რომ ეს იყო, დავუშვათ, ტერაქტი ან სხვა რაიმე ტიპის დანაშაული, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანო შეუცვლის მას კვალიფიკაციას. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ დაგეგმილი არის გარკვეული პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. აქედან გამომდინარე, საკმაოდ საფუძვლიანია ჩვენი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება, ამ საქმის უკან იდგეს ის ეჭვები, რომლებიც ჩვენ გვაქვს”, - აღნიშნა კობახიძემ.

 როგორც საქინფორმი იუწყებოდა, 4 ოქტომბერს, ღამით, თბილისის ცენტრში მდებარე საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატ ”პირიმზეს შენობასთან (რომელიც ევროპაში მალვაში მყოფი საქართველოს შსს სოდ–ის ექს–ხელმძღვანელი ირაკლი კოდუას დედას ლაურა ღაჭავას კუთვნილებაა), ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის – ბოლოტნაიას მოედნის პიარ–ტექნოლოგის, დსთ–ს ქვეყნებში „ვასილიჩის“ მეტსახელით ცნობილი გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში, ოფიციალური ვერსიით, იმყოფებოდნენ თარგამაძე და მისი მძღოლი, თუმცა ზოგიერთი თვითმხილველი ამას უარყოფს. დაშავებულია 5 პირი, ზოგიერთი – სერიოზულად, თარგამაძე კი შუბლზე ნაკაწრებით გადარჩა, ხოლო მძღოლს ეს ნაკაწრებიც არ მიუღია.

 საღამოს „ვასილიჩი“ მაინც გამოცხადდა დაკითხვაზე. ასევე, დაიკითხნენ სააკაშვილის პარტიის ახალგაზრდული ფრთის – „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები, რომელთაგან ორი იძულებითი წესით მიიყვანეს. ასევე დაიკითხნენ პარლამენტარი ჩიორა თაქთაქიშვილი – „ნაცმოძრაობის სახე“, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების შესახებ სააკაშვილის საუბრებში ფიგურირებდა, აგრეთვე, დაიკითხა ჩიორას ქმარიც.