საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. სხდომის ჩაშლის მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოში კვორუმისთვის საჭირო 6 მოსამართლის არყოფნა გახდა.
გუშინ სასამართლოში მოსამართლეები ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და მაია კოპალეიშვილი არ მივიდნენ. ისინი, სავარაუდოდ, იყენებენ მათთვის განსაზღვრულ ორკვირიან ვადას და სწორედ ამ ვადაში დაუსახელებენ სასამართლოს მათთვის სასურველ თავმჯდომარეობის კანდიდატს.
„თუ ჩვენს კოლეგებს სჭირდებათ დამატებითი დრო დასახელებულ კანდიდატებს შორის შეთანხმებისთვის, მათ ეს დრო უდავოდ ექნებათ, მაგრამ ეს დრო ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება 14 დღეზე მეტი, და ზოგადადაც, ვფიქრობთ, რომ თითოეული ჩვენგანის ინტერესებში უნდა იყოს, რომ სასამართლომ მაქსიმალურად სწრაფად შეძლოს ნორმალური და ეფექტიანი ფუნქციონირება“, - განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.
სასამართლოში მყოფმა მოსამართლეთა ნაწილმა განაცხადა, რომ მათ უკვე აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია კანდიდატურასთან დაკავშირებით. მათ შორისაა მოსამართლე მერაბ ტურავა.
„არავითარი სურვილი არ მაქვს ამ ეტაპზე კანდიდატურის დაყენებისა, მაგრამ კანდიდატურის დაყენება, როგორც იცით, არის არა ერთი მოსამართლის პრეროგატივა, არამედ მოსამართლეთა ჯგუფის“, - განაცხადა მერაბ ტურავამ.