საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ჯანო გაგოშიძემ განუცხადა.
"სავარაუდოდ, წინასწარ არის გათვლილი მუხტი, რომელიც იყო ჩადებული აუცილებლად საბარგულში და მიმართული იყო უკანა მხარეს. მართული ნაღმი იქნა გამოყენებული, შეიძლება, თვითნაკეთიც იყო. მცირე მუხტი იყო გამოყენებული, რადგან ისეთ ადგილზე, სადაც ეს მოხდა იმ დროს, როგორც ამბობენ, ბევრი ხალხი იყო, თუმცა ცოტა ადამიანი დაშავდა. ამას არ შეეძლო, ადამიანებში მსხვერპლი გამოეწვია, რამდენადაც, როგორც ჩანს, დახურულ სივრცეში 50 გრამი ტროტილის გამოყენება მოხდა, რომელსაც მიმართულება გარეთა მხარეს ჰქონდა", - ამბობს გაგოშიძე.
„ისხდნენ თუ არა მანქანაში, ეს კიდევ საკითხავია. დაზიანდნენ ძირითადად ის ადამიანები, ვინც გარეთ იყო. გამოთვლა მაგისი შეიძლება, თუ ამის დრო და საშუალება გააჩნია პროფესიონალს, ვინც ამას აკეთებს. იმდენი ტიპის ნაღმი არსებობს, რომ წინასწარ იმის თქმა, რა ტიპის ნაღმი იქნა გამოყენებული, ძალიან ძნელია. თვითონ თარგამაძემ თქვა, რომ გამოყენებული იქნა დისტანციური მართვის პულტი", - აღნიშნა ჯანო გაგოშიძემ.