საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-მა რუსეთთან სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებები შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ვაშინგტონის გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მიერ საბრძოლო მოქმედებების შესახებ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა გახდა. მისი თქმით, მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილება ამერიკულ მხარეს მარტივად არ მიუღია.
რუსეთის ხელისუფლებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
12 სექტემბერს აშშ-მა და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა ზავი რამდენიმე დღეში დაირღვა. კონფლიქტის გამწვავების მიზეზი აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიერ სირიის არმიის პოზიციაზე განხორცილებული ავიადარტყმა, ასევე ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვა გახდა, რაზეც ვაშინგტონი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. აღნიშნული ინციდენტების შემდეგ რუსეთის ავიაციამ და სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოზე შეტევა განაახლეს.