სურსათის უვნებლობის სამსახური ბაზრის სრულ კონტროლს განახორციელებს
წლეულს სურსათის უვნებლობის სამსახური სასურსათო ბაზრის სრულ კონტროლს განახორციელებს. ამისთვის მათ ყველა ბერკეტი საკანონმდებლო დონეზე აქვთ. ამის შესახებ მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე რადიო „კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში აცხადებს.
მისი თქმით, ამ დრომდე იმპორტირებული პროდუქციის უვნებლობა არ კონტროლდებოდა და შემოწმებას მხოლოდ ფინანსური დოკუმენტაცია ექვემდებარებოდა. თუმცა 2011 წლიდან სურსათის უვნებლობის სააგენტოს სრული უფლება ექნება, არა მხოლოდ იმპორტირებული პროდუქცია, არამედ ადგილობრივიც შეამოწმოს, შევიდეს საწარმოში და მომხმარებელთა უფლებები ამ გზით დაიცვას. მომხმარებელი პირად საუბრებში თუ სხვადასხვა ფორუმზე არაერთ ქართულ პროდუქციასა და იმპორტირებულში სხვადასხვა პრობლემური ნივთიერებების შესახებ ხშირად მიუთითებს.