სააკაშვილმა თქვა ტყუილი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მარცხს მოასწავებს,- ამის შესახებ პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.
საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში იმარჯვებს, რაც თითქოს ივანიშვილმაც აღიარა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსახლეობის 30% უჭერს მხარსო.
ვასილ მაღლაფერძის თქმით, სააკაშვილმა მოიტყუა და ფაქტები შეგნებულად გადაასხვაფერა.
"სინამდვილეში, ტელევიზორში რასაც ვუსმინეთ, ივანიშვილმა განაცხადა, მოსახლეობის 30% ისევ ფიქრობს, ხოლო 150-200 000 მოქალაქე „ნაციონალებს“ უჭერს მხარსო, ანუ 30% „ნაციონალებს“ კი არ უჭერს მხარს, არამედ ფიქრობსო! (ანუ ფიქრობსო, ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმაო!).
150-200 000 კი, რომელიც „ნაციონალებს“ უჭერს მხარს, არის 10-12%.
ნებისმიერს შეუძლია, ჩანაწერები ნახოს და გადაამოწმოს, რა თქვა ივანიშვილმა და როგორ გადაასხვაფერა მისი ნათქვამი სააკაშვილმა.
ანუ, სააკაშვილმა ცადა, რომ „ნაცმოძრაობის“ გამარჯვებში დავერწმუნებინეთ გაყალბებული ფაქტებით, ვინაიდან იცის, რომ მისი პარტია მარცხდება. ამ "ჟულიკობას" სხვა ახსნა არა აქვს!
ყველანაირი საფუძველი არსებობს იმ გონივრული ეჭვისთვის, რომ სააკაშვილის ეგზიტპოლიც ასეთივე ნაჩალიჩარი იქნება!
P.S. ორივე ჩანაწერი დევს ინტერნეტში და ნებისმიერს შეუძლია,გადაამოწმოს.
P.P.S. წესით ჟურნალისტებმა განუწყვეტლივ უნდა ჰკითხონ „ნაცმოძრაობის“ წევრებს, რის გადაფარვას ცდილობს სააკაშვილი ამ ტყუილით?!“,-წერს ვასილ მაღლაფერიძე.
ამასთან, როგორც მაღლაფერიძე წერს, სწორედ ამ სტატუსის შემდეგ კიდევ ერთი რამ გაირკვა:
"დავწერე პოსტი ამის შესახებ და კიდევ უფრო საინტერესო ამბავი გამოჩნდა კომენტარებიდან - თურმე, “რუსთავი2”-ს სიუჟეტი გაუკეთებია ამ თემაზე და იქაც განზრახ დამახინჯებულია ივანიშვილის ნათქვამი.
ესეც არაფერი!
ახლახანს სხვა ტელევიზიაში მიმდინარე დებატების ლინკი ჩამიგდო მეგობარმა, სადაც წამყვანი სტუმრებთან ერთად არჩევს ამ საკითხს - კამათობენ, ნაცების მხარე ამბობს, აი, ხომ ხედავთ, 30% გვიჭერს მხარსო, დანარჩენები ეკამათებიან და აზრად არ მოსდის არც ერთს, რომ სინამდვილეში სააკაშვილის და “რუსთავი2”-ის მიერ შემოგდებულ ტყუილს არჩევენ და ასეთი რამ ბუნებაში არ თქმულა.
P.S. ამერიკასა და ევროპაში პარტიის ლიდერს და, მით უმეტეს, მედიასაშუალებას, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ასეთი ფაბრიკაციის გავრცელება რომ გაებედა, ეს აუცილებლად გახდებოდა დანარჩენი მედიის მთავარი თემა. აქ კითხვა მაინც დაუსვას ვინმემ „ნაცმოძრაობის“ წევრებს, რის გადაფარვას ცდილობენ ამ ტყუილით?!“,-წერს ვასილ მაღლაფერიძე.