სამართალი
ბელორუსიის ხელისუფლებამ ევროკავშირის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2011 წლის 1 იანვრიდან საქართველოს, ბელორუსის, მოლდოვას, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებს პოლონეთში მუშაობა გამარტივებული წესით შეუძლიათ, უმუშევრად საქართველოში მცხოვრებმა ქართველებმაც არ დააყოვნეს და პოლონეთს მიაშურეს, თუმცა სამსახურის გამარტივებულად შოვნასთან დაკავშირებულ აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს.
"ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ იმ ფორმით, როგორითაც ის გავრცელდა, იგი სიმართლეს არ შეესაბამება. აქ საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმ პირებზეა, რომლებიც პოლონეთის ტერიტორიაზე უკვე იმყოფებიან და მუშაობის უფლება აქვთ. ხანგრძლივი სამუშაო რეჟიმის მოპოვების ნებართვა სწორედ მათთვის გამარტივდება, რისთვისაც მათი დამსაქმებლები შესაბამისი მოთხოვნით სახელმწიფო უწყებებს მიმართავენ. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოდან წახვალ და იქ სამუშაო უფლებას მარტივად მოიპოვებ,"-განმარტა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.