პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: “მიშა სააკაშვილო, შენ ჩაჯდები ციხეში, მე ამას გპირდები!”

  საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი ძალიან მარჯვეა, როდესაც იმყოფება ისეთ ადგილზე, სადაც საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 "რაც შეეხება განცხადებას ჩემს დაჭერა-არდაჭერასთან დაკავშირებითმინდა, სააკაშვილს ვუთხრა: ჩემს დაჭერას 26 მაისს ვაჟკაცობა უნდოდა, ის ვაჟკაცობა, რომელიც შენ არასოდეს  არ  გაგაჩნდა და არც ახლა გაქვს. ძალიან კარგად მახსოვს ყველა კრიზისული ვითარება, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, დედის კალთას რომ ამოეფარება პატარა ბავშვი, ისე იყო ხოლმე  ჩემს კალთას ამოფარებული. როცა მე  აღარ ვყავდი, გორში თოხნა კიდეც ცხვირით მიწა", -  განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილს მიმართა:

 "შენ არ გაქვს იმის ვაჟკაცობა, რომ საქართველოში ჩამოხვიდე, მაგრამ თუ გაბედავ და ჩამოხვალ, დიახ, ამჯერად ნამდვილად - მე და ყველა ის ადამიანი, ვინც 26 მაისს ვიდექით შეუდრეკლად და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი - დაგხვდებით და წაგიყვანთ იქ, სადაც არის შენი ადგილი. დიახ, შენ ჩაჯდები ციხეში,თუ გაბედავ და საქართველოში ჩამოხვალ. მოგიჯდებიან გვერდით ის ადამიანები, ვინც შენთან ერთად ჩადიოდნენ დანაშაულს და ამას მე აუცილებლად უზრუნველვყოფ. ამას  გპირდები.  ახლა შეგიძლია, ბილეთი იყიდო და ჩამოსვლა დაგეგმო.  ჩვენ  ჩვენსას შევასრულებთ. შენგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენს  სიტყვას ყოველთვის ვასრულებთ და არც არავისი  გვეშინია და არც არავის კალთის უკან არ ვიმალებით".