უცხოეთი
სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს

  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ძალიან განახლებულია და ის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

 „ნაციონალური მოძრაობა არის ძალიან განახლებული. ხატია დეკანოიძე არის უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი. ეს არ არის შეთანხმებული ნაციონალურ მოძრაობასთან, პარტიამ უნდა გადაწყვიტოს ბოლო ჯამში ყველამ ერთად, მე, მაგალითად, ჩამოვიყვანდი ხატიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ინტერესებსა და უსაფრთხოებაზე მაღლა ის პირად და პოლიტიკურ ამბიციებს არ აყენებს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ფარულ ჩანაწერებსა და შესაძლო დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 „შევადაროთ მათი 4 წლის მმართველობა და ჩვენი 8 წელი, ჩვენ ყოველ თვეგამოშვებით გვიწყობდნენ გალიებს, პროვოკაციებს, არეულობებს, ათასგვარ უმსგავსობას, როგორც შეეძლოთ, გვარყევდნენ, რომ ვერ გვემუშავა და ამ ყველაფრის ხელის შეშლის მიუხედავად, რამხელა შედეგს მივაღწიეთ. 4 წელი ჩვენ ვიყავით მთავარი ოპოზიციური ძალა, ამათ  ერთი კარავი, გალია არ დავუდგით, ყველაფერში ხელს ვუწყობდით, სასათბურე პირობები შევქმენით და მიუხედავად ამისა, ვერაფერი გააკეთეს. მე საქართველოს ინტერესებსა და თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას რაღაც პირად პოლიტიკურ ამბიციებზე არასდროს გავცვლი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 მიხეილ სააკაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს და ამის გამო, არეულობის მოწყობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის. 

 "გამოკითხვების შედეგებით ძალიან კარგად ვართ, ჩვენ დამაჯერებლად ვიგებთ არჩევნებს, ამ სიტუაციაში არეულობა და დესტაბილიზაცია მხოლოდ ივანიშვილს აწყობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები მშვიდობიანად, წყნარად, ლეგიტიმურად ჩატარდეს, ხავერდოვნად გადავიბაროთ ხელისუფლება," - ამბობს სააკაშვილი. 

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში საზოგადეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდება. 

 "უკან გახედვა, ბოღმა და ჩაწიხვლა კომპლექსიანი ადამიანების ხვედრია. ჩვენი პასუხი, კომპენსაცია ათასგვარი უმსგავსობისთვის, რაც ივანიშვილმა 4 წელში ჩაიდინა, დაჭერა კი არ იქნება მაგ ჯგუფის და ივანიშვილის, ჩვენი პასუხი იქნება აშენებული ლაზიკა, ახალი უმაგრესი განათლების სისტემა, სოციალური სტანდარტები, ცხოვრების დონის რევოლუციური გაზრდა, ეს იქნება რევოლუციური პასუხი. რევოლუცია მართლაც მოხდება, მაგრამ ეს იქნება რევოლუცია ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. ამ რევოლუცია ჩვენ არჩევნების შემდეგ მოვახდენთ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 რუსთავი2-თან მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებსა და შეერთებულ შტატებთან რეგიონის ქვეყნების ურთიერთობაზე ისაუბრა.

 "პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს, ტრამპსაც და ჰილარისაც, კარგად ვიცნობ, ჩვენ ყველა სიტუაციისთვის უნდა ვიყოთ მზად. სრულიად არ არის ნათელი, ვინ გაიმარჯვებს, ორივესთან მაქვს მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა. თანამედროვე მსოფლიოში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც საქართველოში გყავს უფროსი, რომელიც კამბოჯასა და ნიკარაგუას ვერ ასხვავებს, რომელსაც პუტინი არ ელაპარაკება იმიტომ, რომ თავის ხელის ბიჭად მიაჩნია, რომელსაც მისცა ერთხელ ფული მისცა, თუ ახლა დროზე ჩვენი ადგილი არ დავამკვიდრეთ, საქართველო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 მიხეილ სააკაშვილმა შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები გამართა, შემდეგ კი ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.