სამართალი
„თბილისური მეიდნის“ მოსაწყობად საქართველოში შემოტანილია 50 მილიონი დოლარი“ – სანდრო ბრეგაძე

  საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ეს სკანდალური განცხადება „კვირას“ პრესკლუბში საბურთალოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრო ბრეგაძემ 30 სექტემბერს გააკეთა. მისი ინფორმაციით, დესტაბილიზაცია 9 ოქტომბრიდან დაიწყება და მას სათავეში მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და სანდრა რულოვსი ჩაუდგებიან.

 „ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად შემოტანილია 50 მილიონი დოლარი. პროცესები დასავლეთ საქართველოდან, მათი გეგმით, გადმოინაცვლებს დედაქალაქში და ყველაფერი დასრულდება ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდით შეცვლით. თბილისური მაიდნის მოსაწყობად “ნაციონალური მოძრაობა” აქტიურად ემზადება.

 მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მთელი გულისყურით მოეკიდონ ჩემს ამ განცხადებას, პოლიტიკურ პარტიებს კი ვურჩევ, არ ითანამშრომლონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩემი გუნდი და არასამთავრობო ორგანიზაციები შევიმუშავებთ კომუნიკეს, სადაც იქნება დაწერილი, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ ითანამშრომლებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ვთხოვთ ყველა პარტიას, ხელი მოაწერონ კომუნიკეს, რათა არ გაირკვეს, რომ ამ შავბნელ საქმეში “ნაციონალურ მოძრაობას” ვინმე უდგას გვერდში“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.