საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული კოდექსი ქცევის რამდენიმე ძირითად ნორმას აერთიანებს.
„ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ ვთანხმდებით, რომ პატივს ვცემთ კანონს. ვიქნებით ჩვენს საქმიანობაში პროფესიონალები და ჩვენი საქმიანობა აუცილებლად იქნება მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი. დავიცავთ გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპებს, რაც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესში. ეს არ გახლავთ სიმბოლური ხელმოწერა, ეს არის აღიარება, რწმენა და ქცევაში გათავისება ყველა ამ ღირებულების და პრინციპის, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმოწერით იზიარებს და ეთანხმება“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ კოდექსზე ხელმოწერის შემდეგ.
კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებული არიან, უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები; უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.