პუბლიკაციები
გიორგი კვირიკაშვილი: „მე არ მივტირი წარსულს, მაგრამ მენატრება ის დრო, როცა მეტი სიყვარული იყო საქართველოში“

  მე არ მივტირი წარსულს, მაგრამ, მენატრება ის დრო, როცა მეტი სიყვარული იყო საქართველოში, მეტი სითბო იყო ჩვენს ოჯახებში, ქართულ ოჯახებში, როცა მშობლები მეტად ეფერებოდნენ შვილებს, როცა მოხუცებისადმი მეტი სიყვარული და სითბო იყო გამოხატული, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზესტაფონის მოსახლეობას, რომელსაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები შალვა კიკნაველიძე და კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.

 პრემიერის თქმით, მთავრობა არასოდეს ყოფილა ისე ახლოს ხალხთან, როგორც დღეს არის.

 "დღეს ჩვენ თქვენთან არაფერი გვაშორებს, არ არის ნაპრალი მთავრობასა და საზოგადოებას შორის, ჩვენ არ გვიცავს ათეულები, ოცეულები და ასეულები, როცა თქვენთან მოვდივართ და ჩვენ ეს გვეამაყება, რადგან არაფერი გვჭირს ჩვენი ხალხისგან დასაცავი. დღეს ჩვენ ჩვენი საზოგადოება უკეთესი მომავლის ხედვით უნდა გავაერთიანოთ, აღარ შეიძლება ამდენი სიძულვილის, ამდენი ბოღმის ნთხევა. ტელევიზორის ჩართვა აღარ მოგინდება ადამიანს, რადგან მოდის ნიაღვარი, რომელმაც წალეკა ჩვენი საზოგადოება და გადაჯიშების პირას მიგვიყვანა. ამას ჩვენ ვეღარ მოვითმენთ. მე არ მივტირი წარსულს, მაგრამ, მენატრება ის დრო, როცა მეტი სიყვარული იყო საქართველოში, მეტი სითბო იყო ჩვენს ოჯახებში, ქართულ ოჯახებში, როცა მშობლები მეტად ეფერებოდნენ შვილებს, როცა მოხუცებისადმი მეტი სიყვარული და სითბო იყო გამოხატული. მე ეს უბრალოდ არ მენატრება, ზუსტად ვიცი, რომ ეს დრო დადგება საქართველოში და თქვენთან ერთად, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. ჩვენ უარი ვთქვით თბილისში მრავალრიცხოვანი აქციის ჩატარებაზე, რადგან ათასნაირი ხმა ისმის პროვოკაციებზე. ჩვენ ვართ ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ მშვიდობიანი არჩევნები ჩავატაროთ. თქვენ ხედავთ, რამდენად განსხვავებულია დღევანდელი წინასაარჩევნო პერიოდი ნებისმიერი წინა არჩევნებისგან და ეს არის სწორედ „ქართული ოცნების" და ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. ჩვენ ამ დამსახურებას გავუფრთხილდებით და ციმციმ მივიტანთ 8 ოქტომბრამდე, როდესაც დილით, ყველა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს არჩევანი და ხმა მისცეს კიდევ უფრო უკეთეს საქართველოს, კიდევ უფრო მეტ სიყვარულს კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას თითოეული თქვენგანის ოჯახში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა შალვა კიკნაველიძესთან ერთად, მოსახლეობას წარუდგინა ხარაგაულისა და ბაღდათის გაერთიანებული საარჩევნო ოლქების კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი, ვინაიდან, საარჩევნო ოლქების ცვლილების გამო, ზესტაფონის რაიონის გარკვეული სოფლები ხარაგაულის და ბაღდათის საარჩევნო ოლქებს უჭერენ მხარს.

პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, მოქალაქეობრივად, პასუხისმგებლობის გრძნობით მივიდნენ 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირონ უკეთეს, გაჩირაღდნებულ, აგუგუნებულ საქართველოს.

"სიყვარულით, სიმტკიცით, გადამჭრელი ხმა მივცეთ საქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს, კიდევ ერთხელ უარი ვუთხრათ იმას, რაც ყველამ ერთად გავიარეთ; კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ქართველი ხალხის ნება, იცხოვროს უკეთეს ქვეყანაში, სადაც ადამიანი არის უზენაესი კატეგორია და არც ერთი ადამიანის დაჩაგვრად არ ღირს არც ერთი ესტაკადა, არც ერთი ხიდი არც ერთი გვირაბი, არც ერთი დაჩაგრული ადამიანის ცრემლად არ ღირს არც ერთი დამატებით მოტანილი ინვესტიცია, სწორედ ეს არის ჩვენი განმასხვავებელი ნიშანი. ჩვენ კიდევ უფრო ჩქარა ვივლით წინ, კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევქმნით, კიდევ უფრო მეტად გავაჩირაღდნებთ, ავაგუგუნებთ, გავაფერადებთ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ისე, რომ არც ერთ ბავშვს ცრემლი არ ჩამოუვარდება. ვიაროთ მხოლოდ წინ, სიყვარულით, სიმტკიცით. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, სიყვარულით, სითბოთი გაჩირაღდნებულ, გაფერადებულ აგუგუნებულ ქვეყანას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა გასული წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებულ ცვლილებებზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარება ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესაბამისად, გაგრძელდება. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების სწრაფი განვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ ოთხ წელიწადში დასრულდება სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა პროექტი, რომელიც ზესტაფონს სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას დაუბრუნებს.