საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ვ.ი. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
ბრალდებულმა თბილისში, გლდანის მე-3 მიკრორაიონში ერთ-ერთი ბანკის ფილიალი იარაღის მუქარით დააყაჩაღა, თანხა გაიტაცა და მიმალვა სცადა. შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფმა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა უჩა ბუსხრიკიძემ და გიორგი ჭულუხაძემ შეიარაღებული ბოროტმოქმედის შეჩერება სცადეს, რა დროსაც თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით უჩა ბუსხრიკიძე დაჭრა. საპასუხო სროლისას დაიჭრა თავად თავდამსხმელიც.
დაჭრილ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ ბანკიდან წაღებული თანხა და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.