აქტუალური
ახალი საგადასახადო კოდექსი უკვე ცვლილებას განიცდის

codexცვლილებების პაკეტის თანახმად, საგადასახადო ორგანოსთვის მიკუთვნებული გარკვეული უფლებები აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე გადანაწილდება. აღსრულების ეროვნულ ბიუროს შესაძლებლობა ეძლევა, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, პირის ქონება აღწეროს, შეაფასოს და ყადაღის აქტი შეადგინოს. ეროვნულ ბიუროს უფლება ექნება, ასევე, განახორციელოს დალუქვა, მალფუჭებადი ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, გადასახადის გადამხდელისგან ქონების ნუსხის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა. უწყება უფლებამოსილია, ასევე, ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით, მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართოს. მთავრობასთან შეთანხმებით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურსა და იურიდიულ პირს შორის შესაძლებელი გახდება საგადასახადო კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეები განახორციელოს ამ იურიდიულმა პირმა, რისთვისაც საჭიროა საქართველოს მთავრობის თანხმობა. ამავე დროს, შემოსავლების სამსახურსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლებელი გახდება, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეები საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს. საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებებით ირკვევა, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შემოსავლების სამსახურთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას შესაძლებლობა მიეცემა გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო კოდექსით საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებული  ინფორმაციაც მიიღოს.