საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა. აღნიშნულ აუდიოჩანაწერებზე დაინიშნება ექსპერტიზა და მოხდება ხმების იდენტიფიცირება.
ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები დაეგზავნათ აკაკი მინაშვილს და ნუგზარ წიკლაურს, ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე არიან დაბარებულები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ დაუშვებს რაიმე სახის დესტაბილიზაციას ქვეყანაში და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება“.