საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ორი წელი დიდი დროა და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, შეიძლება, მანამდეც მოისურვოს ირაკლიმ გამოჩენა, - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, დაუჭერდა თუ არა მხარს ირაკლი ღარიბაშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად.
"რატომაც არა, თუმცა შორსაა ჯერ არჩევნები. ამ თემაზე მე არავისთან, მათ შორის არც ირაკლისთან მსჯელობა არ მქონია. ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უახლოეს მომავალში და უფრო შორსაც. ახალგაზრდა კაცია, ღირსეულად ემსახურა თავის ქვეყანას და ღირსეულად წავიდა, გამარჯვებული კაცი წავიდა და არა დამარცხებული, იძულებით. ხშირად ვკითხულობთ ერთმანეთს, ვეხმიანებით. ჩვენს მეუღლეებსაც აქვთ ურთიერთობა ერთმანეთში. ბავშვი მონათლა რამდენიმე დღის წინ და იქ გვქონდა საუბარი. ბერა ერთ-ერთი ბავშვის ნათლიაა“, -განაცხადა ივანიშვილმა.
„ბატონო ბიძინა! საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა და უკვე დროა, საქართველოს მომავალ პრეზიდენტზე ვიფიქროთ, რომელიც, თუნდაც, ახალარჩეულ პარლამენტს დააბალანსებს, რომლის ქმედითობის თაობაზე განსაკუთრებული ილუზიები არ მაქვს. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი სიხარულით დაუჭერს მხარს ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას“ (ფრაგმენტი მოქალაქე ხიდირბეგიშვილის 2016 წლის 19 სექტემბრის ღია წერილიდან – მოქალაქე ბიძინა ივანიშვილისადმი)