საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. "ჩემთვის „აუდიტორია 115“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულები არიან სხვადასხვა უნივერსისტეტის სტუდენტები, არასტუდენტები და ასე შემდეგ", - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა გია შარვაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ „აუდიტორია 115“ პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს.
თავის მხრივ, „აუდიტორიის“ წევრები ამ განცხადების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, ისინი დამოუკიდებელი ძალა არიან, რომელიც საუნივერსიტეტო ცხოვრების გაუმჯობესებისათვის იბრძვის.
რექტორის თქმით, სამ თვეში იქნება მზად სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი, რომლის შემუშავებაში თავად სტუდენტებსაც შეეძლებათ ჩართვა.
"სწორედ ეს სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი იქნება ჩვენი შეთანხმების დოკუმენტი. ის, რომ დღეს უნივერსიტეტში ყველაფერი რიგზე არ არის, ფაქტია, თუმცა მჯერა, რომ ცოტა ხანში ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგმება იმ კუთხით, რომ უნივერსიტეტი გახდება ადგილი, სადაც სამაგალითო სასწავლო პროცესია", - განაცხადა შარვაშიძემ.