პუბლიკაციები
"ამის მოთმენას აღარ ვაპირებ!"- უსუფაშვილი ივანიშვილისა და კვირიკაშვილისადმი გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს.

წერილის წანამძღვარში უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ "საზოგადოება, მითუმეტეს არჩევნების წინ,  იმსახურებს იცოდეს სიმართლე და არ დარჩეს მხოლოდ ტირაჟირებული სიცრუის ამარა".

"მაშინ, როდესაც საუბარი იყო სახელმწიფოზე, პოლიტიკურ პროცესებზე და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, მე ბრალი დამდეს არაკაცობაში, უსაქმურობაში, არასახელმწიფოებრივად მოქმედებაში და ცუდ პარტნიორობაში, მე განვმარტე საქმის ჭეშმარიტი ვითარება. ჩემს განმარტებას სიცრუე უწოდეს, წინა ბრალდებებს ესეც მიამატეს და ყოველდღე იმეორებენ. და ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვუწოდე ყველას, შეეწყვიტათ პერსონალური თავდასხმები და გველაპარაკა პოლიტიკურად.

დღეს უკვე ამის მოთმენას აღარ ვაპირებ!

არ ვაპირებ იმიტომ რომ,  არჩევნებია და ამომრჩეველმა თავად უნდა განსაჯოს რაშია საქმე და სადაა სიმართლე!

გაგაცნობთ ერთ დოკუმენტს, იმ მრავალთაგან, რომელიც ნათლად მეტყველებს, ვინ აზროვნებდა სახელმწიფოებრივად, ვინ ზრუნავდა სახელმწიფოზე, ქვეყანაზე, კოალიციაზე, ჩვენს მიერ ერთად გაკეთებული საქმის გაფრთხილებაზე, ცივილიზებულ ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობაზე, ურთიერთპატივისცემაზე...

დიახ, ჩემი და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირება არაფერს არ რგებს საქმეს და ქვეყანას. მაგრამ თუ მას "პინგ-პონგი" არ მოსწონს, მე კიდევ "ცალ კარში" თამაში არ მხიბლავს...

მე არ ვაქვეყნებ პირად წერილს. მე არ ვასაჯაროებ სახელმწიფო საიდუმლოს. მე ვაქვეყნებ იმ წერილს, რომელშიც ჩვენი დღევანდელობისთვის და მომავლისთვის მნიშვნელოვან ფაქტებზეა საუბარი. საზოგადოება, მითუმეტეს არჩევნების წინ,  იმსახურებს იცოდეს სიმართლე და არ დარჩეს მხოლოდ ტირაჟირებული სიცრუის ამარა", - წერს დავით უსუფაშვილი.

"გურია ნიუსი" დავით უსუფაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო ბიძინა, ბატონო გიორგი,

ალბათ მოგაბეზრეთ კიდეც თავი ჩემი პრობლემური წერილებით, მაგრამ მაინც გწერთ და დარწმუნებული ვარ, რომ არ ვაჭარბებ პრობლემის დასმაში...

ბატონ ბიძინასთან ხანგრძლივი და კომპლექსური კონსულტაციების შემდეგ, ჯერ კიდევ 2015 წლის მარტ-აპრილში შევთანხმდით, რომ კოალიცია საარჩევნო რელსებზე უნდა გადაგვეყვანა 2015 წლის 1 სექტემბრიდან, რათა წელგამართული შევხვედროდით არჩევნებს. კოალიციის საყრდენად კი მოაზრებული იყო რეფორმირებული პარტია "ქართული ოცნება" და "რესპუბლიკური პარტია", ცხადია, კოალიციაში სხვა სუბიექტების არსებობითაც.

მრავალი მიზეზის გამო პროცესი გაჭიანურდა და ნოემბერში დაისვა პრემიერის შეცვლის საკითხიც. ბუნებრივია, საარჩევნოდ გადაწყობის პროცესი უნდა დალოდებოდა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას. გაჩნდა იმის შანსიც, რომ სწორედ ახალი პრემიერის პოლიტიკურ სცენაზე შემოსვლას დამთხვეოდა კოალიციის საარჩევნოდ გადაწყობის პროცესიც.

განვლილ ორთვენახევარში პრემიერის თითქმის მთელი დრო და ენერგია წაიღო უაღრესად საშურმა სამთავრობო საქმეებმა. პარალელურად კოალიციის დამფუძნებელმა გადაწყვიტა კოალიციურ-პოლიტიკურ-საარჩევნო საქმეებიდან მაქსიმალური დისტანცირება. შედეგად მივიღეთ გარკვეული ვაკუუმი კოალიციის პოლიტიკურ მენეჯმენტში და მიმდინარე პოლიტიკური პროცესიც და კოალიციის საარჩევნოდ გადაწყობის პროცესიც წარიმართა ძირითადად თვითდინებით, სხვადასხვა მხრიდან წამოსული თვითდამაზიანებელი ინდივიდუალური ინიციატივებით და კონტრ-ინიციატივებით. ეს მაშინ, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სწორედ კონსოლიდაცია, დისციპლინა და მონოლითურ გუნდად წარმოჩენაა გადამწყვეტი მნიშვნელობის ამოცანა.

დღევანდელი მდგომარეობით, ჩემი შეფასებით, ვითარება პრაქტიკულად გამოსულია კონტროლიდან და ყოველდღე შეიძლება მივიღოთ ახალ-ახალი უკიდურესად დამაზარალებელი სიურპრიზები სხვადასხვა მხრიდან. გარკვეული გაგებით, დღეს მე ვეღარც მართალს ვხედავ ვინმეს და ვეღარც მტყუანს. ეს ის ვითარებაა, როცა ყველას თავისი სიმართლე აქვს, იმიტომ, რომ ერთიანი გუნდის განცდა მინიმუმის ნიშნულზეა და "ყველა თავისას ცდილობს, რას ერჩი"... (სხვათა შორის, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი უნებურად სწორი ტაქტიკა გამოვიდეს - არჩევნებამდე დარჩენილი დროის ცაიტნოტის და "ფუტკრის აშლილი სკის" სინდრომის ერთობლიობამ შესაძლოა სწრაფ და ეფექტურ დალაგებამდე მიგვიყვანოს...)

ასეა თუ ისეა, 6-7 თვის დაგვიანებით, სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი და, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ნომერი პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა. ცხადია, ამ საკითხში კოალიციის დამფუძნებელს და კოალიციის დღევანდელ ლიდერს ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვაც, ინიციატივაც და პასუხისმგებლობაც. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები და შეწყვიტოთ კოლექტიური კოალიციური თვითდაზიანების პროცესი. საკითხს მრავალი სასწრაფოდ მოსაგვარებელი ასპექტი აქვს ("ქართული ოცნების" შიდა პარტიული რეფორმა, კოალიციის დღევანდელ თუ მომავალ პარტნიორებთან მიმართება, საარჩევნო შტაბი, კანდიდატები და ა.შ), მაგრამ ამ ეტაპზე მე მათზე ერთნაირი დოზით ვერ მექნება ვერც მოსაზრებები და ვერც ინიციატივები. მაგრამ ერთ კონკრეტულ ასპექტზე - "რესპუბლიკელებთან" ურთიერთობაზე - ვალდებული ვარ დაუყოვნებლივ მოგმართოთ:

თუ ძალაშია შარშან აპრილში კოალიციის დამფუძნებელთან მიღწეული ზოგადი შეთანხმება, რომელიც დადასტურებული იქნა კოალიციის ლიდერის მიერ ერთი კვირის წინ, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა დავსხდეთ და საჯარო აჟიოტაჟის გარეშე დავაკონკრეტოთ რას და როგორ ვგეგმავთ.

თუ რაიმე მიზეზის გამო ეს ზოგადი შეთანხმება აღარ არის ძალაში, მაშინ მაინც დაუყოვნებლივ უნდა დავსხდეთ და ყველაფერი ვიღონოთ რათა ისე გავიყაროთ, რომ ქვეყნის ინტერესებს რაც შეიძლება ნაკლები ვავნოთ.

მე პირადად ეჭვი არ მეპარება თქვენს გულწრფელ სურვილში, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ შრომა და ბრძოლა, მაგრამ დღეს სხვა ინტერესების მქონე მოთამაშეები უფრო ქმნიან ამინდს. მაგალითად, ერთი კვირის წინ პრემიერთან შეხვედრისას შეჯერებული გეგმა და მესიჯი სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე შემდეგ დღეებში სხვების აქტიურობით პრაქტიკულად გაშარჟდა...

ვხედავ, რომ ყოველი დაყოვნებული დღე უფრო და უფრო ართულებს შესაძლო შეთანხმებასაც და შესაძლო ცივილურ გაყრასაც. არც "ოცნება" და არც "რესპები" არ ვართ დაკომპლექტებული არც ანგელოზებით და არც ბისმარკებით. რაც ვიყავით ამ ოთხ-წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ისევ ის ვართ. მაგრამ ეხლა ვითარება იმდენად დაძაბული და გაურკვეველია, რომ ყველა საჭიროდ მიიჩნევს თადარიგის დაჭერას უარესი სცენარისთვის. სხვადასხვა მხრიდან ამგვარი თადარიგების დაჭერებით კი მივექანებით სწორედ რომ ყველაზე უარესი სცენარისკენ - არჩევნებამდე არაცივილურიგაყრისკენ.

მე პირადად, არაცივილურ გაყრაზე და ქვეყნისთვის მის შედეგებზე ფიქრიც კი არ მინდა, მაგრამ შესაძლოა, ერთმანეთს აცდენილმა და ერთმანეთისთვის დროზე ვერ ახსნილმა კეთილი განზრახვების ერთობლიობამ სწორედ აქ მიგვიყვანოს... მინდა გულწრფელად გითხრათ და მინდა იცოდეთ, რომ შექმნილ ვითარებაში მე პრაქტიკულად ამომეწურა დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი.

ორივეს უმორჩილესად გთხოვთ, იმოქმედოთ დაუყოვნებლივ... თუ საჭირო გავხდი, შაბათს და კვირას თქვენს განკარგულებაში ვარ", - აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის წერილში, რომელიც ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებს 2016 წლის 11 მარტს გაუგზავნა.