საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე „საქინფორმთან“ საუბარში თავის სტუდენტობის დროინდელ ძალზედ საინტერესო ისტორიას იხსენებს:
„1978 - 83 წწ. ვსწავლობდი მოსკოვში, ლომონოსოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე და 5 წლის მანძილზე არაერთი რამ შემემთხვა, მოგეხსენებათ, სტუდენტური ცხოვრების პერიპეტიები... მაგრამ, რაზეც ახლა გიამბობთ, მართლაც არაორდინალური ისტორიაა.
“ფინიშის სწორზე გავედი”, 1983 წლის 30 ივნისია (რიცხვიც კი მახსოვს!), ბოლო სახელმწიფო გამოცდას ვაბარებ ფილოსოფიაში და "MGU - ს დიპლომით" ვბრუნდები თბილისში, სადაც მელოდებიან ჩემები, - მშობლები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები... სახელმწიფო გამოცდისთვის მოვემზადე სათანადოდ და ამიტომ, საერთოდ არ ვღელავდი. გამოცდაზე შესვლის წინ, დერეფანში პირჯვარი გადავიწერე და ისე შევედი საგამოცდო დარბაზში. ძალიან კარგი ბილეთი შემხვდა, ყველა საკითხი ერთი ამოსუნთქვით "ჩავაბულბულე" და მაღალი ნიშნის მოლოდინში პროფესორს თამამად შევხედე თვალებში (თხრობისას მისთვის არც შემიხედავს). შევხედე და ისეთ გაყინულ მზერას შევეჩეხე, რომ გავიფიქრე, რაღაცა ცუდი ამბავია ჩემს თავს, თუ დროზე არ ვიმოქმედე. და, დავიწყე იმის თხრობა, რასაც მანამდე 20 წუთის განმავლობაში ვყვებოდი, ოღონდ სხვა სიტყვებით, სხვა აქცენტებით, წინადადებების სხვა წყობით, თან ვცდილობდი გამემდიდრებინა ფილოსოფიური ტერმინოლოგიის სიუხვით, ჩემი ხელმეორედ ნაამბობი, მოკლედ, "ქადაგად დავეცი"! დავასრულე თხრობა და რა, პროფესორის გაყინული მზერა ოდნავადაც არ შეცვლილა, დავდუმდი, ავის მოლოდინში. სამი შეკითხვა დამისვა, არცერთი მათგანი სიახლოვესაც კი არ იყო იმ საკითხებთან, რომლებიც საგამოცდო ბილეთში შემხვდა. სამივეზე ვუპასუხე მაინც, მაგრამ, "უკმაყოფილოდ" თავი სამჯერ გააქნია და მომმართა:"კირვალიძე, თქვენი პასუხები არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებიც ჩვენს ფაკულტეტზეა მიღებული, ამიტომ, პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ჩვენს მოთხოვნებს, შესაბამისად მოემზადეთ და გაისად მობრძანდით სახელმწიფო გამოცდის ჩასაბარებლად! ახლა კი, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ"!! - ბოლო სიტყვები, თითქოს გამოსცრა კბილებში, ისეთი სიბრაზით წარმოსთქვა... გავშტერდი! წამოვილუღლუღე, - კი, მაგრამ, პატივცემულო პროფესორო, მე იმდენი ხომ მაინც გიპასუხეთ, რომ თუნდაც დამაკმაყოფილებელი ნიშანი დაგეწერათ? თქვენ რა, არადამაკმაყოფილებელ ნიშანს მიწერთ? მერე, მე რა ვქნა?" - რაზეც, გაყინულთვალებიანმა მიპასუხა, - აკი გითხარით, მოემზადეთ და მომავალ წელს მობრძანდით! რა, ძნელი გასაგებია, რაც ვთქვი"?!..
როგორ გამოვედი საგამოცდო აუდიტორიიდან, აღარ მახსოვს.. იმაზე ფიქრი მკლავდა, რა და როგორ მეთქვა ჩემი მშობლებისთვის. თვითმფრინავის ბილეთი დაბრონილი მქონდა, 3 ივლისს მივფრინავდი შინ. მოკლედ, მთელი ამბავი ატყდა, ყველამ, ჩემმა კურსელებმა სოლიდარობა გამომიცხადეს და აღშფოთება გამოთქვეს მომხდარის გამო, რადგანაც გამოცდის დამთავრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მე ჩავიჭერი, უფრო ზუსტად, ჩამჭრა პროფესორმა კნიაზევმა! იმავე დღეს, ჩემი ფაკულტეტის ზოგიერთი პედაგოგის ერთობლივი მცდელობა, მოლაპარაკებოდნენ პროფ. კნიაზევს, რომ კიდევ ერთხელ მოესმინა ჩემთვის, სასტიკი უარით დამთავრდა. მეტიც, მან უთხრა თავის კოლეგებს, რომ უნივერსიტეტის წესდების დარღვევაა მათი თხოვნა და რომ სახელმწიფო გამოცდის გადაბარება შეიძლება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ! ამის შესახებ იცოდა ყველამ, მათ შორის მეც, მაგრამ “ხავსს ვეკიდებოდით”... ერთპიროვნულად, უნივერსიტეტის რექტორსაც კი არ შეეძლო, რომ ნებართვა მიეცა იმავე წელს ხელმეორედ სახელმწიფო გამოცდის გადაბარების, თუ არ იქნებოდა რაიმე საგანგებო შემთხვევა, ან განსაკუთრებული მიზეზი. საღამოს, როცა შინ დავრეკე, ჩემებს ვერ დავუმალე და ვუთხარი სიმართლე, რადგანაც აზრი არ ჰქონდა დროის მოგებას, ანუ შევეგუე აზრს, რომ ერთ წელს ვკარგავდი და მომავალ წელს ჩავაბარებდი სახგამოცდას...
მეორე დღეს, ცხონებული დედაჩემი და მამიდაჩემი უკვე მოსკოვში იყვნენ და მაწყნარებდნენ, არაუშავს, ეგ არაფერი, გაისამდე რაღა დარჩაო. მე კი, დანა პირს არ მიხსნიდა, უსამართლოდ დაჩაგრულად ვგრძნობდი თავს და ვერ ვეგუებოდი ამას! თურმე არ ვცდებოდი, ასეც აღმოჩნდა! ჩემი კურსელი იყო ერთი დაღესტნელი კარგი ბიჭი, შახრუდინ სეიდოვი, რომელთანაც ვმეგობრობდი, მისი უფროსი ძმა ასპირანტი გახლდათ! ამ ძმებმა, ისე განიცადეს ჩემი ამბავი, რომ არ მოისვენეს მანამ, სანამ არ გაიგეს მიზეზი, ჩემს მიმართ პროფ. კნიაზევის დასჯადი ქმედებისა! კნიაზევის ქალიშვილი სწავლობდა ჩვენს უნივერსიტეტში და ძმებმა სეიდოვებმა, საერთო მეგობრების მეშვეობით, სწორედ პროფესორის ქალიშვილისგან შეიტყვეს, თუ რატომ ჩამჭრა მამამისმა! მიზეზი ყოფილა ის, რომ გამოცდაზე შესვლის წინ, მე პირჯვარი გადავიწერე!!! კნიაზევს, თურმე დაუნახავს ეს მომენტი! დიდ აუდიტორიას, სადაც გამოცდა მიმდინარეობდა ორი კარი ჰქონდა და კნიაზევი იმ დროს გამოსულა პირველი კარიდან, როდესაც მე მეორე კარიდან შევდიოდი. მე იგი ვერ დავინახე, რადგანაც კარებს შორის მანძილი დაახლოებით 30-40 მეტრი იყო, აი, მას კი დერეფანში შეუმჩნევია ჩემი მოძრაობა, - პირჯვარის გამოსახვა!
საქმე ის გახლავთ, რომ პროფესორი ბორის კნიაზევი, გახლდათ "მებრძოლი" ათეისტი, მგზნებარე მარქსისტ-ლენინელი, კომუნისტი თხემით ტერფამდე, მას შინ უთქვამს, რომ საშინელებები ხდება ფილოსოფიის ფაკულტეტზე, მორწმუნეები გაჩდნენო, მალე ალბათ, მამაო ჩვენოს კითხვით დავიწყებთ ლექცია-სემინარებსო! გარდა ამისა, ფაკულტეტის დეკანისთვის, პროფესორ ალექსანდრე კოვალიოვისთვის უცნობებია, ჩემი პირჯვარის გადაწერის "აღმაშფოთებელ ფაქტზე"! ამ უტყუარი ინფორმაციის მიღების შემდეგ, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რა გზას დავდგომოდი. გასაჩივრებას და ხმაურის ატეხვას აზრი არ ჰქონდა, ვინც იმ პერიოდს მოესწარით ადვილად მიხვდებით თუ რატომ! თანაც, ფილოსოფიის ფაკულტეტი და პოლიტიკურ მეცნიერებათა განყოფილება, ე.წ. მეცნიერული კომუნიზმი, წარმოადგენდა სამჭედლოს იდეოლოგიური ფრონტის სპეციალისტებისა, რომლებითაც კომპლექტდებოდა ხელმძღვანელი პარტიული სტრუქტურები! კნიაზევი დაინტერსებულა იმითაც, ვიყავი თუ არა კომპარტიის წევრი და როცა უთხრეს რომ არა, მაშინ "ჩაუსისინია", - სამწუხაროა, თორემ გავრიცხავდითო!
ასე რომ, ბედს შეგუებული უკვე თბილისისკენ ვაპირებდით გამომგზავრებას, როდესაც ძმებმა სეიდოვებმა შეუძლებელი შეძლეს და ერთი დაღესტნელი დეპუტატის {სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს} მეშვეობით, რომელსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა სსრკ უმაღლესი და სპეციალური განათლების მინისტრ ელიუტინთან, შეხვედრა "გამიჩარხეს"! დიახ, მე 15 წუთი გამომიყვეს იმისთვის, რათა ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა საკავშირო მინისტრისთვის და მეთქვა, რომ უვიცი არ ვარ და მეთხოვა უფლება სახელმწიფო გამოცდის გადაბარების, ნებისმიერ სხვა პროფესორთან, ან გამომცდელთა ჯგუფთან, ვისაც მინისტრი დაავალებდა! რისკი, რა თქმა უნდა იყო, ხომ შეიძლებოდა, რომ მინისტრიც ისეთივე "მებრძოლი" ათეისტი აღმოჩენილიყო, როგორიც პროფ. კნიაზევი?! მოვლენები ისე განვითარდა, რომ, როდესაც მინისტრთან ჩემი აუდიენციის დღე დადგა, იგი მოულოდნელად წინადღით საზღვარგარეთ გაემგზავრა, მანამდე დაუგეგმავი შეხვედრის გამო! ბედის ირონია, ვიფიქრე, რაც უფალს არ უნდა, არც იქნება თქო.. ჰოდა, ამ დროს სამინისტროდან ურეკავენ საკონტაქტო პირს, რომელსაც მე არც ვიცნობდი, მასთან უფროს სეიდოვს ჰქონდა კავშირი, - და მას ეუბნებიან, რომ 18 საათზე, სტუდენტ კირვალიძეს მიიღებს მინისტრის პირველი მოადგილე, ამხანაგი მოხოვი! - მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი, ვცახცახებდი, ვერაფრით ვმშვიდდებოდი. 24 წლის ბიჭისთვის, მოკლე დროში საკმაოდ ბევრი ემოციის გადატანა მომიხდა!
მოკლედ, გამოვეწყე შარვალ-კოსტუმ-ჰალსტუხში და როცა საბჭოური სტილის უზარმაზარ კაბინეტში შევედი, რატომღაც ყველანაირი მღელვარება გაქრა. ვერ მივხვდი თუ რატომ, თუმცა, ნიკოლაი (ნიკოლოზი) მოხოვის პირველმა ფრაზამ ისე გამათამამა, რომ პირდაპირ ჩემს სათქმელზე გადავედი. მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნ.ს. მოხოვმა (ჭარმაგი, წარმოსადეგი გარეგნობის კაცი იყო) მითხრა, - აბა, მითხარი, რა შეგემთხვა, შვილო (სინოკ}?! ისე თბილად წარმოსთქვა ეს სიტყვები, რომ ახლობელ, ნათესავ ადამიანთან მეგონა ვიყავი სტუმრად! მეც დავიწყე, - პატივცემულო მინისტრის პირველო მოადგილევ (უვაჟაემი პერვი ზამ მინისტრა), ეს რომ გაიგონა აუტყდა სიცილი და მითხრა, არ გვინდა ეს ფორმალობები, ვხედავ, რომ წესიერი, ზრდილობიანი და აღზრდილი ყმაწვილი (პარენ) ხარ და ისიც ვიცი, რაც შეგემთხვაო! ამას რომ ამბობდა, იღიმებოდა და თვალს არ მაშორებდა, ეტყობა აინტერესებდა ჩემი რეაქცია! - გამომრჩა მეთქვა, კაბინეტში შესვლისთანავე დიდ მაგიდასთან მიმითითა, დაჯექიო და თავად მოპირდაპირე მხარეს დაჯდა. - შევხედე თვალებში და ვეუბნები, თუ იცით, რაც შემემთხვა, მაშინ ისიც გეცოდინებათ, მეშველება თუ არა თქო? - გულიანად გაიცინა და მითხრა, მე კი ვიცი, მაგრამ, შენ ერთხელ მაინც მომიყევიო. - კი ბატონო - მეთქი და დაწვრილებით მოუყევი ყველაფერი, არაფერი დამიმალავს. - მოხოვს, ღიმილი სახიდან არ მოსცილებია, მიყურებს და მეუბნება, - პირჯვარს რომ იწერ, ესე იგი, ლოცულობ და ღმერთიც გწამსო?! პირდაპირ ვერ ვუპასუხე, მაინც ვერ ვენდე და იგი ამას მიხვდა! ჩემი პასუხი აბდაუბდა იყო, მე ბებია მყავს მორწმუნე და მან მასწავლა პირჯვარის გამოსახვა, ზოგიერთი ლოცვაც და უფლის შიშიც თქო! გაიცინა კვლავ და მეუბნება, შენ ალბათ მონათლულიც იქნებიო? - კი მეთქი, 1 წლის ვიყავი, როცა მომნათლეს (მართლაც, 1 წლისა მომნათლეს დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში), იმდენად პატარა ვიყავი არც მახსოვს თქო. ამ კითხვის შემდეგ, ამ გულისხმიერმა კაცმა, ღიმილით დამისვა ყველაზე "რთული კითხვა", - შვილო (სინოკ), რახან მონათლული ხარ, ნათლობის ჯვარს თუ ატარებო?.. შევხედე მას და ვეუბნები, პატივცემულო ნიკოლაი სტეპანიჩ, ტყუილს ვერ გეტყვით, დიახ, ნათლობის ჯვარს ფარულად ვატარებ, თქვენთან რომ მოვდიოდი მოვიხსენი, შინ დავტოვე-თქო! ასეც იყო, სიმართლე ვთქვი! - მოხოვი წამოდგა, საწერ მაგიდასთან მივიდა და მდივანს თუ თანაშემწეს სელექტორში უთხრა, - MGU - ს რექტორს დამაკავშირეთო. მერე მობრუნდა ჩემსკენ, ხელით მანიშნა ახლოს მივსულიყავი და უჯრიდან რაღაც ამოიღო, როცა მიუახლოვდი დავინახე, რომ ხელში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის (მგონი, ყაზანის ღვთისმშობლის) მცირე ზომის ხატი ეკავა, ისევ ღიმილით მეუბნება, - ყმაწვილო (პარენ), მეც მონათლული ვარ და ნათლობის ხის ჯვარიც მაქვს, რომელიც ამასწინათ ჩემს პატარა შვილიშვილს "ვათხოვეო", ხოლო ეს ხატი, უკვე 50 წელია მე მფარველობსო!!! ეხლა წადი და ჩააბარე ეგ გამოცდა, ხოლო, როცა საქართველოში, შინ ჩახვალ, შენს ბებიას და მშობლებს ჩემგან მადლობა გადაეცი, ასეთი ყმაწვილი რომ გაგზარდესო! - კინაღამ ცრემლები წამომივიდა, ისე ამიჩუყდა გული, მინდოდა მეთქვა, კი მაგრამ, ჯერ ხომ რექტორთან არ გისაუბრიათ, რა იცით რას იტყვის თქო. თითქ ოს მიმიხვდა, მომეხვია, ხელი ბეჭებზე რამოდენიმეჯერ დამკრა და კარისკენ წამიყვანა, - ყველაფერი კარგად იქნება, აბა შენ იცი, ყოჩაღად იყავიო!..
სამინისტროდან კი არ მოვდიოდი, მოვფრინავდი, მინდოდა დროზე ადრე გამეხარებინა (გადაბარების უფლებას რომ მომცემდნენ) დედაჩემი, მამიდაჩემი, ჩემი დაღესტნელი მეგობრები, ძმები სეიდოვები და ყველა ის, ვინც იმ მძიმე დღეებში განიცდიდნენ ჩემს ამბავს!.. სამი დღის შემდეგ, ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ კოვალიოვს და ორ დოცენტს გადავაბარე სახელმწიფო გამოცდა, ნიშანი, - "კარგი" (ხოროშო) დამიწერეს, ორი დღის შემდეგ დიპლომიც ავიღე და პირჯვრის წერით სამშობლოსკენ გამოვეშურე!
P.S. ყოველთვის, როცა წასულებს მოვიხსენიებ, ჩემთვის, ნიკოლოზ მოხოვის სახელსაც ვახსენებ, იმ კეთილშობილი ადამიანის, რომელიც არასოდეს დამავიწყდება!”