საზოგადოება
რთველი 2016-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 62 ათასი ტონა ყურძენი

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის კომპანიებს ყურძენი 10 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 53,8  მლნ ლარი შეადგინა.

 განვლილ დღე-ღამეში გადამუშავდა 5 331 ტონა. სულ გადამუშავებულია 31,8 ათასი ტონა რქაწითელი, 25,9 ათასი ტონა საფერავი,  2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

 "გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 22,3  ათასი ტონა, ყვარელი - 15  ათასი ტონა, თელავი - 13,7 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,3 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,5 ათასი ტონა, ლაგოდეხი -  1,4 ათასი ტონა, საგარეჯო -  733 ტონა და ახმეტა -  669 ტონა. 

 ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 58 ღვინის კომპანია, მათ შორის, 12 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.

 ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა:

 კახეთის  რეგიონში რქაწითელზე და  კახურ მწვანეზე - 1 კგ-ზე  - 0,45 ლარი;

 საფერავზე -  1 კგ-ზე - 0,20 ლარი;

 რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე -  1 კგ-ზე - 2 ლარი", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.