საზოგადოება
„საქართველოში ნიურნბერგის პროცესი არ უნდა შედგეს!“ - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ კითხვას, რომელიც საქართველოს პროკურატურის მიერ 26 მაისის ამსახველი ახალი ვიდეომასალის გავრცელებას, ასევე დანაშაულში მხილებული სამართალდამცავების კვლავ თანამდებობაზე მუშაობას შეეხებოდა.

 "მინდა, შევახსენო მოსახლეობას, რასაც პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან ვაცხადებდი - საქართველოში ნიურნბერგის პროცესი არ უნდა შედგეს. იმის მიზეზი, რომ საზოგადოებაში დარჩა უკმარისობის და უკმაყოფილების გრძნობა, ჩემი აზრით, არა დასჯილთა რაოდენობაა, რომლებიც საკმარისად დაისაჯნენ, არამედ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს თავისი მეთოდის შენარჩუნებას”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 ამასთან, მისი თქმით, უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ქვეყანაში ამდენი ყოფილი მაღალჩინოსანია დასჯილი და დემოკრატიული განვითარების პროცესები მაინც დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.