პუბლიკაციები
ხელი მომეცი, მეგობარო, ცხოვრების გზას ერთად გავუყვეთ! (გადმოგვცემს საინფორმაციო სააგენტო საქინფორმის კორესპონდენტი „კავკასიის ვეტერანთა“ ასოციაციის პირველი ყრილობიდან)

stopარა, ეს ლექსი კი არა, საქართველოს ომის ვეტერანთა რეალური მოწოდებაა თავიანთი თანამებრძოლებისადმი მთელ კავკასიაში. ეს მოწოდება საქართველოში ახლახან შექმნილი „კავკასიის ვეტერანთა“ ასოციაციის პირველ ყრილობაზე გაისმა, რის შესახებაც საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი მკითხველს ადრეც ატყობინებდა.

ვეტერანების შეკრება ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რასაც წუთიერი დუმილი მოჰყვა ჩვენს პოსტსაბჭოთა საზღვრებში მომხდარ სასტიკ ძმათამკვლელ კონფლიქტებში დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ.

ყრილობის გახსნისას ასოციაციის ხელმძღვანელმა, გადამდგარმა ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ ასლანოვმა ორგანიზაციის მიერ დასახულ რთულ ამოცანაზე ისაუბრა: ერთ მაგიდასთან დასვას ყველა, ვინც არც თუ დიდი ხნის წინათ ერთმანეთს იარაღის სამიზნის ჭრილში უყურებდა. ,,დარწმუნებული ვარ, – თქვა ორატორმა, – რომ რეგიონში მშვიდობისმყოფელი იდეები, დაღვრილი სისხლისგან საერთო მიწის გაწმენდა დღეს ბევრი საღად მოაზროვნე კავკასიელის გონებაში მწიფდება, პირველ რიგში, იმ მებრძოლთა ჩათვლით, რომლებმაც სხვებზე უკეთ იციან ომისა და მშვიდობის ჭეშმარიტი ფასი. ეს კი, თავის მხრივ, გვაიმედებს, რომ შერიგებისა და მშვიდობიანი ცხოვრების ჩვენეული, თავისი არსით ჯანსაღი იდეა გამოხმაურებას და გაგებას ჰპოვებს, ერთიორად გაზრდის მის მომხრეთა და ჩვენს თანამოაზრეთა რიგებს. მიმაჩნია, რომ კავკასიური პრეცედენტი სხვა ხალხებისთვის პოზიტიურ მაგალითად იქცევა და მომავალში სისხლისმღვრელ შეტაკებებს თავიდან აგვარიდებს. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ყველაზე, ვინც ომმა დაახეიბრა და შრომისუუნაროდ აქცია.

დიდი სულიერი მღელვარებით უსმენდა გაყუჩებული დარბაზი აფხაზეთის კონფლიქტის მიმდინარეობისას დაღუპული ჯარისკაცის - ლევან ქართველიშვილის დედის, ქალბატონ ნინო ქართველიშვილის სიტყვებს: „ჩემი ვაჟის, ლოტკინელი ლევანის (ასე ეძახდნენ მას მეგობრები და თბილისის ერთ-ერთ ქუჩასაც ეს სახელი ეწოდა) სახელით, რომელიც სიკვდილის შემდგომ დაჯილდოვდა ორდენით, მაგრამ არაფერს, არანაირ ყურადღებას არ ძალუძს ტკივილის გაყუჩება და სულიერი იარის შეხორცება! რაკი სიცოცხლე გრძელდება, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, ასეთი რამ რომ აღარასოდეს განმეორდეს. ამისათვის მზად ვარ, რაღაც ჩავკლა ჩემში, დავივიწყო, შევუნდო და შერიგების ხელი გავუწოდო მეორე მხარეს! მტრობით მხოლოდ ნგრევაა შესაძლებელი, ყველაფერი მნიშვნელოვანი კი მშვიდობით მიიღწევა... ამას გეუბნებით მე, დედა, რომელმაც თავისი შვილის საფლავის ადგილიც არ იცის. მისი სახელი მხოლოდ სიმბოლურ ძმათა სასაფლაოს მემორიალურ დაფაზეა ამოტვიფრული, სადაც სალოცავად დავდივარ“.

„გულითადად მივესალმები კავკასიელ ომის მონაწილეთა დაახლოების ინიციატივას, – განაცხადა ყრილობაზე ომისა და შრომის ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნუგზარ ცაგარეიშვილმა, – გპირდებით, რომ დეპარტამენტი მუდამ მხარში დაუდგება ასოციაციას, მისი საიმედო დამხმარე იქნება კავკასიური ურთიერთქმედების მისაღწევად ჩაფიქრებული ნაბიჯების რეალიზაციაში! აი რატომაა, რომ მხოლოდ კავკასიის ვეტერანთა გაერთიანებაში ვხედავ ძალას, რომელსაც უნარი შესწევს, აუღებელ სიმაგრედ იქცეს ნებისმიერი აგრესიის გზაზე, იდეოლოგიურის ჩათვლით’’.

„კავკასიის ვეტერანთა“ ასოციაციის გეგმები მოიწონეს და ყრილობაზე სიტყვით გამოვიდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დავითიანის“ ხელმძღვანელი დავით მუხიგული და ნაციონალური გვარდიის ვეტერანთა გაერთიანების წარმომადგენელი რობერტ შენგელია.

ომის ვეტერანთა სოციალური უფლებების დაცვის ფონდ „მულტიმას“ თავმჯდომარემ ალექსანდრე გამგებელმა წამოაყენა წინადადება საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ, ერთიან საინფორმაციო ცენტრთან ერთად, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის. „საერთო კავკასიური სახლის მშენებლობის დაწყებამდე, – საფუძვლიანად შენიშნა ა. გამგებელმა, – მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ, როგორი უნდა იყოს ეს სახლი“.

დასასრულ, ყრილობამ მიიღო მიმართვა კავკასიის ვეტერანებისადმი, რომელიც ვეტერანთა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ალექსანდრე დიასამიძემ წაიკითხა.

აქვე მოგვყავს ამ მიმართვის ტექსტი:

პატივცემულო ვეტერანებო!

ჩვენ, საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტთა ვეტერანები, „კავკასიის ვეტერანთა“ ასოციაციის წევრები მოგმართავთ თქვენ – კავკასიის რესპუბლიკების ვეტერანებს, აფხაზებს, ადიღეელებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ბალყარელებს, ქართველებს, დაღესტნელებს, ინგუშებს, ყაბარდოელებს, ოსებს, რუსებს, ჩერქეზებსა და ჩეჩნებს: გთავაზობთ გაერთიანებას იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზით, საერთო ძალებით დავამკვიდროთ მშვიდობა, ურთიერთგაგება და მეგობრობა ჩვენს კავკასიაში!

დღეს, როცა მთელი კავკასიის რეგიონი ერთობ დაძაბულ, ფეთქებადსაშიშ მდგომარეობაშია, როცა ერთ არასწორ ნაბიჯს ძმათამკვლელი ომის გაჩაღება შეუძლია, ჩვენ, კავკასიის ვეტერანები, უნდა შევრიგდეთ, გავერთიანდეთ და უიარაღოდ დავიცვათ ჩვენი ხალხების ინტერესები. ჩვენმა შთამომავლებმა არ უნდა შეავსონ დაღუპულთა სიები. ჩვენზე, ჩვენს საღად მოაზროვნეობაზეა დამოკიდებული მშვიდობა კავკასიაში. ჩვენ სხვადასხვა ეროვნების, მრწამსის ხალხი ვართ, მაგრამ ამან ჩვენი მეგობრული ურთიერთობები მხოლოდ უნდა გაამყაროს, დაგვეხმაროს დაღუპულთა ოჯახებსა და ვეტერანებზე ზრუნვაში. ღმერთი ერთია, უბრალოდ, ჩვენ მას სხვადასხვა სახელს ვუწოდებთ. დიდება უზენაესს! დაე, იყოს ნება მისი, რომლის დახმარებითაც კავკასიაში მშვიდობის დამკვიდრებას შევძლებთ.

პატივისცემით,

ვეტერანები, „კავკასიის ვეტერანთა“ ასოციაციის წევრები