სამართალი
„ჩვენ წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ თანამდებობის პირთა დაუსჯელობას“ - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 „ჩვენ განვახორციელეთ სასამართლო სისტემის, პროკურატურის, მართლმსაჯულების ეთიკისა და ადვოკატთა პასუხისმგებლობათა ძირეული რეფორმა. ჩვენ გავაფართოვეთ ბრალდებულთა უფლებები და წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ თანამდებობის პირთა დაუსჯელობას", - აღნიშნა პრემიერმა.

 „გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებში ახლახან აღნიშნა, რომ 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ რადიკალურად შეცვალა ვითარება ამ მხრივ. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ავამოქმედეთ სამართლებრივი და პროცესუალური მექანიზმები პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობასთან საბრძოლველად, მსხვერპლთათვის კომპენსაციის ჩათვლით. ჩვენ მივიღეთ მკაცრი ანტიდისკრიმინაციული კანონი. თუმცა წინ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რისთვისაც ჩვენ მივიღეთ ადამიანის უფლებათა გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.