საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “მშვიდობის მემორანდუმის” ტექსტი გუშინ, 21 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნა. გუშინვე მემორანდუმი დაეგზავნა ყველა პოლიტიკურ პარტიასა და ბლოკს - საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ:
„ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები:
ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა,
ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს,
ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა.
წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე“, - ნათქვამია მემორანდუმში.