საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. პარტია “პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა. ახალგაზრდული ფრთის ყოფილმა თავმჯდომარემ და მისმა თანამოაზრეებმა პარტიის დატოვების მიზეზად სხვა პოლიტიკურ ძალებთან პაატა ბურჭულაძის გარიგება დაასახელეს.
პარტიის მოქმედმა წევრებმა კი ყოფილები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კავშირში დაადანაშაულეს, მეტიც, დავით ჯანდიერმა მათ ნაწილს მოღალატეები უწოდა, ნაწილს კი - მანიპულაციის მსხვერპლი.
პარტიაში აღნიშნეს, რომ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის წასვლის რეალური მიზეზი საარჩევნო სია გახდა.
პაატა ბურჭულაძის მხრიდან კრიტიკის მთავარი ობიექტი ბიძინა ივანიშვილი იყო. ბლოკის ლიდერი ყოფილი პრემიერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს იმ განცხადებების გამო, რომლებიც ივანიშვილმა ბოლო დღეების განმავლობაში გააკეთა.