საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. ”ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ვერის პარკში მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა ბარამიძე წარუდგინა. ნინო ბურჯანაძემ შეხვედრაზე მთაწმინდის მოსახლეობას ასევე პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
“ჩვენ კარგად ვიცით მოსახლეობის პრობლემები და ასევე ძალიან მიხარია, რომ ამ ადამიანებს აქვთ ისეთი ხედვა, ზუსტად იმ მიმართულებით, როგორც ჩვენ - ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. მათ სჯერათ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ პრობლემების მოგვარება და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
“ჩვენი პრიორიტეტია ის, რომ საგარეო პოლიტიკაში გვაქვს ნოვაციები - უბლოკო სტატუსი, რომელიც არის საწინდარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ეკონომიკური სიძლიერის. ძალიან ბევრი საინტერესო ხედვა გვაქვს სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და რაც მთავარია, ჩვენ - მთაწმინდელები, ვერელები, სოლოლაკელები, ოქროყანელები, როდესაც ხალხის მხარდაჭერით მივალთ პარლამენტში, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ასე ძალიან სჭირდება მთაწმინდის რაიონს“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.