საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს.
გიორგი კვირიკაშვილი მიმართვაში საუბრობს იმ წესების შესახებ, რომლებიც უნდა დაიცვან საჯარო მოხელეებმა და თანამდებობის პირებმა პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობის დროს. „მნიშვნელოვანია, ამ წესებს ვიცნობდეთ და ვემორჩილებოდეთ”, - წერს პრემიერ-მინისტრი.
პრემიერ-მინისტრის საჯარო მოხელეებისადმი მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
„თითოეულ ჩვენგანს, ვინც სახელმწიფო სამსახურში ვართ, უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია ქვეყნის წინაშე. ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ, ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, ყოველი ლარი, რომელსაც ვხარჯავთ, ემსახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს საქმიანობაში ზედმიწევნით დავიცვათ კანონის მოთხოვნები. კანონის მცირე დარღვევასაც კი, შეუძლია მოსახლეობას დააკარგვინოს სახელმწიფო მოხელეებისა და ინსტიტუტების მიმართ ნდობა, რაც დაუშვებელია.
წელს საარჩევნო პერიოდის გამო პოლიტიკური აქტიურობა გაზრდილია და განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვექცეთ საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერად და ეთიკურად შესრულებას.
ჩვენი კანონმდებლობით დადგენილია მთელი რიგი წესები, რომლებიც უნდა დაიცვან საჯარო მოხელეებმა და თანამდებობის პირებმა პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობის დროს. მნიშვნელოვანია, ამ წესებს ვიცნობდეთ და ვემორჩილებოდეთ.
გიგზავნით ამ წესებისა და შეზღუდვების ჩამონათვალს. გთხოვთ გაეცნოთ და გაითვალისწინოთ ისინი თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.
სახელმწიფო სამსახურების რეპუტაცია თითოეული ჩვენგანის ხელშია და ყველა ვალდებული ვართ გავუფრთხილდეთ მას. მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის და მოგიწოდებთ, ერთად დავამკვიდროთ პროფესიონალური, ეთიკური, კანონმორჩილი საჯარო სამსახური ჩვენს ქვეყანაში”, - აღნიშნულია წერილში.
საარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეთა მონაწილეობის წესები
არჩევნების დღეს კენჭისყრა არის ფარული. არჩევანის თავისუფლება უზრუნველყოფილია ყველა თანამშრომლისათვის.
იმისათვის, რომ არჩევნებში ყველა კანდიდატს ჰქონდეს თანაბარი პირობები, აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება:
*მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლები (მაგ., დეპარტამენტის,სამმართველოს უფროსი, განყოფილების დირექტორი და სხვ.) არ შეიძლება იყვნენ არჩეული/დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად;
* საჯარო მოხელის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, საჯარო მოხელეს დროებით უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილზე, რისთვისაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კუთვნილი შვებულება;
* საჯარო მოხელე შესაძლებელია იყოს ცენტრალური საარჩევნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი;
* საჯარო მოხელე არ შეიძლება იყოს ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი;
* საჯარო მოხელეს (გარდა პოლიტიკური თანამდებობის პირებისა) არა აქვს უფლება სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში;
*წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება აკრძალულია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, სასამართლოსა და სამხედრო ნაწილში.
* აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში;
* საჯარო მოხელეს წინასაარჩევნო პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება (ეს გულისხმობს ნებისმიერი ადმინისტრაციული რესურსის, ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის, ქაღალდის, ბაინდერის, ტრანსპორტის, საწვავისა და ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე არსებული სხვა ნებისმიერი ქონების გამოყენებას).
* იმ საჯარო მოხელეს, რომელსაც აქვს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება, ეკრძალება:
* სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და
არჩევას;
* სამსახურებრივი მივლინების დროს ხელმოწერების შეგროვება და საარჩევნო აგიტაციის გაწევა;
* წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამუშაო საათების ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მინისტრსა და მის მოადგილეებზე.
*არჩევნებამდე 60 დღით ადრე, არჩევნების დღის ჩათვლით, აკრძალულია:
* ისეთი პროექტების/ პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში. კერძოდ, აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვ.) ოდენობის გაზრდა, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა ოდენობის ზრდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე;
* წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო- ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც/რომელზეც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას;
* ამავე პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.
* აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა.
* არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:
* საარჩევნო სუბიექტებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა, მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე, დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გაცემის დაპირებით (ანუ საჯარო მოხელეს ეკრძალება საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ამ მოქმედების განხორციელება, მათ შორის, არასამუშაო პერიოდში);
* ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება, ან მომსახურების გაწევა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფო ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება (ანუ საჯარო მოხელეს ეკრძალება პირადი სახსრებით გაწიოს ისეთი სამუშაო, რომლის შესრულებაც სახელმწიფო ორგანოების ფუნქციაა. 22222222222იგულისხმება არასამუშაო პერიოდიც).