საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძეს მონაცემების ელექტრონული ვერსია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი პატარიძემ და თავმჯდომარის მოადგილე მამუკა სამხარაძემ გადასცეს.
სააგენტომ ცესკოს 3 577 375 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემები გადასცა.
მონაცემების ხელახალი დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა).
სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (2016 წლის 22 სექტემბერი) და მოითხოვოს ცვლილების შეტანა.