საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. ჩვენ ვართ ევროპელები, ევროპული ოჯახის წევრები უნდა გავხდეთ და პირველ რიგში ამისთვის საჭიროა ევროპული ფასეულობების დაფუძნება. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ახალციხეში, რეგიონულ მედიასთან მორიგ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, სულ მალე საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.
”შეიძლება, ნატოში ვერ შევიდეთ კიდევ რაღაც დროის განმავლობაში, მაგრამ ევროპულობა და ევროპული ფასეულობების დაფუძნება ჩვენ ევროპელი მეგობრებისგან დიდი მხარდაჭერის საშუალებას გვაძლევს, და ასევე გაძლიერდება ჩვენი ძირითადი პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა, რომელიც განუხრელად ზრუნავს, რომ საქართველო დემოკრატიული, ევროპული მიმართულებით განვითარდეს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
„თუმცა, მაინც ნატოზე უნდა ვიზრუნოთ. როდესაც გაჩნდება საშუალება, ჩვენ მუდამ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ, რომ შეგვეძლოს, ნატოს წევრი ქვეყანა გავხდეთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.