პოლიტიკა
"სამართლიანი საქართველო" იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება

iusticiaმოძრაობის "სამართლიანი საქართველოსთვის" რიგგარეშე ყრილობის საორგანიზაციო ჯგუფი პარტიის ახალი შემადგენლობის რეგისტრაციის შესახებ იუსტიციის სამინისტროს პასუხს სწორედ ამ კვირაში ელოდება.

საქინფორმის კორესპონდენტთან საუბრისას საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა ნატო ხოხიაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროში განცხადებას, ახალი რეესტრის ფურცლის მოთხოვნის შესახებ, დღეს შეიტანენ.

"დაახლოებით ხუთშაბათისთვის პასუხიც იქნება. ჩვენ დადებით პასუხს ველოდებით, რადგან, უარყოფითის შემთხვევაში, უკვე შეგვატყობინებდნენ, თან არც ხარვეზებისთვის გამოუძახებიათ ჩვენი ადვოკატი. წარდგენილი დოკუმენტაცია ყველანაირად წესრიგში იყო", - აღნიშნა მან.

ხოხიაშვილის განმარტებით, ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, რაც პარტიის სახელზე ირიცხება (ოფისები, ინვენტარი, დოკუმენტაცია, მათ შორის ფინანსური დოკუმენტაციაც), მათ განკარგულებაში გადავა.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობის "სამართლიანი საქართველოსთვის" რიგგარეშე ყრილობა 23 დეკემბერს გაიმართა. ყრილობამ ზურაბ ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა, თუმცა დავალიანების გასტუმრებამდე გამგეობის რიგით წევრად დატოვა.

ზურაბ ნოღაიდელს უნდობლობა თანაპარტიელებმა ფინანსური დავალიანების გამო გამოუცხადეს. პარტიის წევრები საკუთარ ლიდერს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ნოღაიდელმა პროგრამა "კარდაკარის" მონაწილეებს დაპირებული ხელფასები არ დაურიგა.

ვერის ჭადრაკის სასახლეში გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე დელეგატებმა ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი გამგეობის ძველი შემადგენლობისა და სარევიზიო კომისიის წევრების გადარჩევის საკითხს, რის შემდეგაც ახალი გამგეობა და სარევიზიო კომისია აირჩიეს.