საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 19-22 სექტემბერს მიმდინარეობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა მაღალი დონის შეხვედრაზე თემაზე - დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადგილებები; ესტონეთის, საქართველოს, კორეის რესპუბლიკისა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაზე, თემაზე - ეფექტიანი ინსტიტუციები; სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრაზე ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თემაზე; ასევე, მაღალი დონის შეხვედრაზე თემაზე - ინოვაციური დაფინანსება 2030 წლისათვის, მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში (Innovative Financing for 2030 SDGs).
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ენტონი ბლინკენს, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შარლ მიშელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ფრანს ტიმერმანსს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის, ასევე, სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკას და მოლდოვას პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპს.
მოლაპარაკება გაიმართება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან დენა ჰაიდთან.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება რამდენიმე ოფიციალურ მიღებას, რომლებიც დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით, გაეროს გენერალური მდივნისა და მისი მეუღლის სახელით, პრეზიდენტ კლინტონის სახელით და ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით.