პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" შტაბში პროვოკაციას გეგმავდა

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფისში ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები იარაღით შევიდნენ და პროვოკაციის მოწყობა სცადეს.

 “ჩვენს ერთ-ერთ საარჩევნო შტაბში, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში პარტიის სამი აქტივისტი შევიდა. ორ აქტივისტს, რომლებიც სევდია უგრეხელიძის შტაბის აქტივისტები არიან, ეცვა ”ქართული ოცნების” მაისური, ორივეს ჰქონდა ქამარში ჩადებული პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან. როგორც შემდგომში გაირკვა, აღნიშნული პროვოკაციის მიზანი იყო გარედან ფაქტის გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, თითქოს ”ქართული ოცნების” შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. ფაქტია, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ვერ ცვლის თავისი მოქმედების სტილს, ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი რეალურად არ აქვთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ”გაერკვნენ პოლიციელები ვითარებაში, მოხდა პირთა იდენტიფიცირება, ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა პარტიული ბილეთი, რომელიც გაცემულია ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ 2016 წელს”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.