აქტუალური
”ქონების დაცვის კუთხით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში შედის” - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი.  ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ახალციხეში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

 „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საკუთრების დაცვის რეიტინგში 131-ადგილს ვიკავებდით. მთელი ბიზნესი კონტროლდებოდა. მთავარი პროკურორი აკეთებდა მონიტორინგს, 5-ათას დოლარიანი გადარიცხვაც კი კონტროლდებოდა და რეალურად, საქართველოში ბიზნესი იყო მთლიანად დათრგუნული", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია "აიეფსის" კვლევის თანახმად, საქართველოში კორუფცია თითქმის ნულოვან დონეზეა.

 ”საქართველოში ელიტარული კორუფცია ყვაოდა, ერთი ჯგუფი აკონტროლებდა ბიზნესს და მთელი ქონების გადანაწილებაც ხდებოდა ერთი ჯგუფის მიერ, რამდენი ბიზნესი დაარბიეს, რამდენი ჩაყარეს ციხეში, რამდენს წაართვეს, როგორ ართმევდნენ ქონებას, როგორ აკეთებდნენ ჩუქებებს ღამის ორ საათზე და ღამის სამ საათზე… კონტროლდებოდა ბიზნესი და ქონებასაც ინაწილებდნენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.