პოლიტიკა
„ეგზიტპოლის შედეგები ძალიან ახლოს იქნება ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებთან“ – მერაბ ფაჩულია

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო ცენტრ „გორბის“ ხელმძღვანელი მერაბ ფაჩულია, რომელიც კომპანია tns opinion-ის ეგზიტპოლების საველე სამუშაოებს ჩაატარებს, აცხადებს, რომ ეგზიტპოლების მონაცემები ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მსგავსი იქნება.

 „ამ განცხადების საფუძველს მაძლევს ჩვენი კომპანიის 26-წლიანი გამოცდილება და მსოფლიო მეგაბრენდის tns opinion-ის შესაძლებლობები და დახმარება", - აცხადებს მერაბ ფაჩულია.

 კომპანიის პოლიტიკური და სოციალური კვლევების დირექტორი ედუარდ კეფერი ამბობს, რომ ეს კომპანია უკვე 40 წელია, ეგზიტპოლებს ატარებს, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კორეაში, ბრაზილიაში.

 მისივე განცხადებით, ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ ეს კომპანია პროფესიონალია, არის ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი. ამ რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებამდე ორი დღით ადრე კომპანია tns opinion-მა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირიდან გასვლას უჭერდა მხარს, თუმცა დანარჩენი კომპანიები ამას არ ეთანხმებოდნენ.

 რაც შეეხება ტელეკომპანიებს, რომლებსაც ამ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვთ, ესენი არიან „მაესტრო“, GDS და „იმედი“, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეტაპზე კონტრაქტის დეტალებს აზუსტებს.

 TNS-ის მიერ გაწერილი გეგმით, ეგზიტპოლების საველე სამუშაოებს საერთაშორისო ცენტრი „გორბი“ ჩაატარებს. ამ სამუშაოებში ათასამდე ადამიანი ჩაერთვება და ამომრჩევლებს 320 საარჩევნო უბანზე გამოჰკითხავენ.