აქტუალური
საქართველომ და უკრაინამ პირდაპირი სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. დოკუმენტს ბათუმში გამართული საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში მოეწერა ხელი.

 უკრაინის მინისტრთა კაბინეტსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინისა და საქართველოს პორტებიდან პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ორგანიზების შესახებ.

 "ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც აერთიანებს უკრაინას, საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს აბრეშუმის დიდ გზაზე. სულ უფრო მეტი კომპანია არის მზად, დამატებითი ხარჯები გაიღოს იმისთვის, რომ პროდუქცია დანიშნულების ადგილას არა 2-3 თვეში, არამედ 9-15 დღეში ჩაიტანოს. მიმდინარე წელს ჩინეთიდან უკრაინის დასავლეთ საზღვრებამდე კონტეინერების ტრანსპორტირების სიჩქარემ 9-10 დღეს უნდა მიაღწიოს", - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადიმერ ომელიანმა.