საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიში კატონის ინსტიტუტმა (CATO Institute) გამოაქვეყნა. რეიტინგში საქართველოს 7,98 ქულა აქვს მინიჭებული.
საქართველოს მხოლოდ ჰონგ-კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია უსწრებენ. საქართველოსთან ერთად მეხუთე საფეხურს იკავებენ კანადა, ირლანდია, მავრიკი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.
დოკუმენტის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება ხუთი ფაქტორით განისაზღვრება: მთავრობის ზომა ეკონომიკაში, საკანონმდებლო სისტემა და საკუთრების უფლება, ფინანსური უზრუნველყოფა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება, რეგულაციები.
აღსანიშნავია, რომ საქართველო, ამავე ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს მე-12 საფეხურს იკავებდა, ხოლო 2012 წლის შეფასებით - მე-14-ს. 2010 წლის მონაცემებით, საქართველო 29-ე ადგილზე იყო.
ანგარიში შედგენილია კატონის ინსტიტუტის, ასევე, კანადაში მდებარე ფრეიზერის ინსტიტუტისა და მსოფლიოს 70-ზე მეტი ანალიტიკური ცენტრის მიერ.