რედაქტორისგან
მოქალაქე ხიდირბეგიშვილის ღია წერილი მოქალაქე ივანიშვილს (მოთხოვნამდე)

  ბატონო ბიძინა!

გწერთ თქვენ, რადგან სხვა არავინ არის, რომ მივწერო...

8 ოქტომბერს ჩვენ ისევ მოგვიწევს საარჩევნო უბანში მისვლა ხმის მისაცემად. არ ვიცი, შემდეგ რა იქნება — თქვენ, მთაწმინდის სიმაღლიდან, ამას უკეთ ხედავთ, მაგრამ დეჟავიუს გრძნობა თავს არ მანებებს. 2012 წელს ჩვენ ხმას ვაძლევდით იმას, რომ სააკაშვილი წასულიყო, დღეს კი, 4 წლის შემდეგ, ხმას მივცემთ იმას, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს. ამიტომ ისევ არ ვაქცევთ ყურადღებას, ვისგან შედგება „ქართული ოცნება“, თუმცა, მერე ეს ძვირად გიჯდებათ თქვენც — ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და ჩვენც, რიგით მოქალაქეებს. იმ დროს კოალიციაში შესული უსუფაშვილის რესპუბლიკელები და ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ნაციონალებივით სისხლისმსმელები არ არიან. ისინი იყვნენ და რჩებიან კონფორმისტებად, კოლაბორაციონისტებად და კოსმოპოლიტებად, როგორებიც „ქართული ოცნების“ ახლანდელ პარტიულ სიაშიც მრავლად არიან. მათი პატრიოტებად რეგენერაცია შეუძლებელია, საქართველოში ახალი პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბება კი თქვენ, სამწუხაროდ, არ მოისურვეთ. ან ვერ მოასწარით...

მაგრამ ეს რა მოვისმინეთ თქვენგან ქუთაისში რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს?! - მას შემდეგაც კი, რაც ნიღბები ჩამოიხსნეს, თქვენ „თავისუფალ დემოკრატებსა“ და “რესპუბლიკელებს” ისევ „ახლობლები“ უწოდეთ, რომლებსაც, თურმე, „სწორედ იმიტომ აკრიტიკებთ, რომ ახლობლებს მეტი  მოეთხოვებათ, ვიდრე სხვებს“... მეტიც - პირდაპირ განაცხადეთ, რომ „ქართული ოცნების“ შემდეგ თქვენი ფავორიტები ალასანიასა და უსუფაშვილის პარტიები არიან, რითაც გვარიანად შეაფიქრიანეთ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, მათ შორის, მეც...

მეორე დღესვე ორივემ არ დაახანა და საჯაროდ გიპასუხათ, თანაც, როგორც ყოველთვის, არაკორექტულად: უსუფაშვილმა დაგამუნათათ და მატყუარა გიწოდათ - აქაოდა, სირცხვილია ტყუილების ლაპარაკი, ბატონო ბიძინა, ამის შემდეგ ქართველი ხალხი აღარაფერს დაგიჯერებთო! ალასანიამ კი, პრაქტიკულად, გვიანდელი ბრეჟნევის ტიპის უმწეო მმართველს შეგადარათ, რომელიც მხოლოდ იმას იმეორებს, რასაც უშიშროება ჩასძახეს.

კი მაგრამ, ბატონო ბიძინა, განა როდისმე ისინი თქვენი „ახლობლები“ იყვნენ და პატივს გცემდნენ, როგორც მოღვაწეს?! განა გამუდმებით არ გღალატობდნენ და გამცირებდნენ?! მერწმუნეთ, ისინი მთაწმინდას ყოველთვის ზემოდან უყურებდნენ და ქირქილებდნენ, რომ თქვენ მათთვის მარტოოდენ ფულის ჭირვეული ტომარა ხართ, რომელიც მხოლოდ „გაზპრომის“ აქციებში ერკვევა და რომელსაც, უბრალოდ, ცხოვრებაში გაუმართლა! მეტიც - „გამოჩენილი პოლიტიკოსების“  აზრით, თურმე მადლიერიც უნდათ იყოთ იმის გამო, რომ თქვენთვის ფულის გამორთმევა ინებეს! პირველმა, ჯერ კიდევ 2012 წელს, ალასანიამ გიღალატათ სამეგრელოში, დღეს კი „ოცნება“, შესაძლოა, იქ ისევ დამარცხდეს, იმიტომ რომ ისევ ისეთი კანდიდატები წარადგინა, რომლებიც სააკაშვილის გუნდს სათანადო კონკურენციას ვერ გაუწევენ.

ბატონო ბიძინა! ნუ გიკვირთ, როდესაც თქვენ - კაცს, რომელმაც საქართველოს მილიარდები დაახარჯა, უმადურობით გპასუხობენ - სააკაშვილმა ადამიანებს მხოლოდ ქონება კი არა, სულიც წაართვა! ქართველები უნდონი გახდნენ და ქველმოქმედების აღარ სჯერათ! ხალხს არავის მშვენიერი საჩუქრები აღარ სჭირდება, იმიტომ რომ არ სურს, თავი ვინმესგან დავალებულად იგრძნოს! მრავალჯერ დამცირებულ და მოტყუებულ უმრავლესობას აღარ სჭირდება ეკლესიები და კულტურის ძეგლები, საკონცერტო დარბაზები და პარკები, უნივერსიტეტები, შადრევნები და ზღაპრული პანორამები! მშიერ ხალხს სამუშაო სწადია, თუნდაც ყველაზე მძიმე - ჩაის პლანტაციებზე და ქარხნებში, მას თუნდაც მიზერული, მაგრამ საკუთარი სტაბილური შემოსავალი უნდა!

ამიტომ დაიწყეთ ბიზნესი საქართველოში, ჩადეთ ფული მრეწველობისა და სოფლის აღორძინებაში, გახსენით ნებისმიერი უცხოური ამწყობ-გადამამუშავებელი წარმოების ფილიალები - თქვენი ბიზნესკონტაქტებით ეს რთული არ იქნება. და ეს გააკეთეთ არა საქველმოქმედო ფონდების მეშვეობით, როგორც მეცენატი და გარეშე დამკვირვებელმა, არამედ უშუალოდ - როგორც პასუხისმგებელმა და მზრუნველმა პატრონმა, რომელიც თვითონ გააკონტროლებს საქმეში ჩადებულ ყოველ ლარს! აი, მაშინ თანამოქალაქეები გაგაღმერთებენ, თქვენ კი უფრო გამდიდრდებით! თუმცა რჩევების მოცემა, სად უნდა ჩადოთ თქვენი ფული, ჩემი საქმე არ არის.

ბატონო ბიძინა! გაიხსენეთ - რამდენი გენიალური მმართველი ჰყავდა ქართველ ხალხს, მაგრამ საქართველოში არავის ემადლიერებიან, თვით ერეკლე მეორეს და სტალინსაც კი. ანდა ვის ახსოვს დღეს მილიარდერი პატარკაციშვილი, რომელმაც ასევე მრავალი სიკეთე გაუკეთა თანამემამულეებს?! არავის... მადლიერების სიტყვებს ვერც რუსეთში მოღვაწე ქართველები ეღირსნენ, რომლებმაც ბევრი რამ გააკეთეს საქართველოსთვის, მისი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის, აფხაზეთიდან დევნილებისთვის, ქართული ეკლესიისთვის, მოზარდი თაობისთვის და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის.

„ჩვენ მისკენ ვართ, ის კი - დათვისკენ!“ - უკვირს მოქალაქეთა უმრავლესობას, როდესაც თქვენ მათ მაგივრად აცხადებთ საქართველოს უპირობო ევროატლანტიკური ორიენტაციის შესახებ, რაც მათ უამრავ ვალდებულებას აკისრებს. ქართველი ხალხი დაიღალა იმის მოსმენით, რომ ჩამორჩენილი და ზარმაცია, და რომ კიდევ ბევრი გამოცდის ჩაბარება მოუწევს დემოკრატიაში, რათა ევროსტანდარტების შესაბამისი გახდეს! ბატონო ბიძინა, უბრალო ადამიანებმა შეგიყვარეს თქვენ არა როგორც საფრანგეთის მოქალაქე და ოლიგარქი რუსეთიდან, არამედ ისეთი, როგორიც ხართ - ხალხიდან გამოსული ადამიანი, რომელმაც მძიმე ბავშვობა და ახალგაზრდობა გამოიარა და რომელსაც თავისი სამშობლო დასავლეთის ყველა დედაქალაქზე მეტად უყვარს ! სამშობლო ხომ დედაა, რომელიც ყოველთვის გვეყვარება ისეთი, როგორიც ის არის, ამიტომ საჭირო არ არის მისი შელამაზება და ევროპულ ფასეულობებში გამოწყობა ბროდვეის მეძავივით!

რისთვის უნდა შევიდეთ ნატო-ში, თუკი არცერთი მეზობელი თავს არ დაგვესხმება - არც მოძმე სომხეთი და აზერბაიჯანი, არც რუსეთი და არც ნატო-ს წევრი თურქეთი (ორივემ კარგად ვიცით, თუ რატომ)?! მითუმეტეს, რომ ვერცერთ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანას საქართველო ომს ვერ მოუგებს. განა არ ჯობს, დასავლეთს შრომის კულტურაში და კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობაში მივბაძოთ, რაც ჩვენ, ქართველებს, აშკარად გვაკლია?!

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ინტეგრაცია მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც საქართველო აღმოჩნდება იმ ეკონომიკურ და საბაჟო სივრცეში, რომლისკენაც აფხაზები და ოსები მიისწრაფვიან. მაგრამ დაე, ეს ქართველმა ხალხმა რეფერენდუმის გზით გადაწყვიტოს და თვითონ შეეხვეწოს ივანიშვილს, რათა მერე  „პრორუსულობაში“ ბრალი ისევ არ დაგდონ... ვფიქრობ, რუსეთში თქვენი კავშირების გამოყენებით ამის გაკეთება რთული არ იქნება. თანაც, ვიცნობ მოსკოვში გავლენიან ქართველ პატრიოტებს, რომლებიც სიხარულით დაგეხმარებიან, თუკი, რა თქმა უნდა, მოისურვებთ.

ბატონო ბიძინა! თქვენ პრაგმატიკოსიც ხართ და რომანტიკოსიც, მაგრამ მარტო იმიტომ კი არა, რომ ხელოვნება და ბუნება გიყვართ. მსოფლიოში ცოტა თუ მოიძებნება მილიარდერი, რომელმაც იმდენივე გაუკეთა თავის ქვეყანას, რამდენიც თქვენ, ამას კი, როგორც ცნობილია, შემოსავალი არ მოაქვს. ამიტომ არ გჭირდებათ სამშობლოს მსახურებაში შუამავლები - აქსელერატები, რენეგატები და სხვა მუქთაღორები, რომლებმაც მთაწმინდისკენ ყველა მისასვლელი დაბლოკეს! გაყარეთ ისინი, სანამ გვიან არ არის, სანამ აქ სააკაშვილის შავი ჭირი დაბრუნებულა - ისინი მხოლოდ გატყუებენ და ყოველ ნაბიჯზე გღალატობენ, ამას მთელი საქართველო ხედავს, ამაზე მთელი თბილისი ლაპარაკობს! მხარს კი უბრალო მოქალაქეთა უმრავლესობა გიჭერთ,  ვისთვისაც მთაწმინდის გზა გადაკეტილია! მხარს გიჭერთ კიდევ რამდენიმე შესანიშნავი მინისტრი, რომელთა ხარისხიანი მუშაობის ხარჯზე მთელი ეს ბალასტი ჯერ კიდევ ზედაპირზე ტივტივებს…

ბატონო ბიძინა! საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა და უკვე დროა, საქართველოს მომავალ პრეზიდენტზე ვიფიქროთ, რომელიც, თუნდაც, ახალარჩეულ პარლამენტს დააბალანსებს, რომლის ქმედითობის თაობაზე განსაკუთრებული ილუზიები არ მაქვს. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი სიხარულით დაუჭერს მხარს ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას, თუმცა, მომხრე ვარ, რომ პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევდეს. მანამდე ქვეყანაში ძირეული ინსტიტუციური და კონსტიტუციური რეფორმები უნდა ჩატარდეს, დავძენდი — მენტალურიც კი. საქართველოს არ სჭირდება ასეთი გაბერილი ჩინოვნიკური აპარატი, არ სჭირდება ასეთი ხალხმრავალი პარლამენტი, არ სჭირდება ამდენი პარტია და ინტრიგანი!

სოფლელები - ყანაში, მუშები - დაზგებთან, მეცნიერები და სტუდენტები - ლაბორატორიებსა და აუდიტორიებში, ხოლო პროვოკატორები - ციხეში!

დაბოლოს: ნაცმოძრაობა საქართველოს სახელმწიფო დროშას თავის პარტიულ დროშად იყენებს, რაც შეურაცხმყოფელი და უკანონოა. ეს ნაციონალებსუზარმაზარ სტიმულს აძლევს და ხალხის უმრავლესობას ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის უკანასკნელ იმედსაც ართმევს! 2012 წელს „ქართული ოცნება“ თითქოს ამ მდგომარეობის გამოსწორებას დაგვპირდა, მაგრამ მერე მას გაჩუმება უბრძანეს (ორივემ კარგად ვიცით - ვინ...). ამიტომ დავუბრუნოთ საქართველოს ძველი - ისტორიული დროშა ან, უარეს შემთხვევაში, დროშა “ნაცმოძრაობამ” შეცვალოს, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა აეკრძალათ.

ბატონო ბიძინა! თუ მოქალაქის მოქალაქისადმი ღია წერილი მოთხოვნილი იქნება, მაშინ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდებიან მშვიდობა, სამოქალაქო თანხმობა და ქართველი ემიგრანტები. და მაშინ აღარ მოგიწევთ, თქვენგან მოწონებულ პოლიტიკოსებს ეხვეწოთ თქვენს მხარეს გადმოსვლა - პოლიტიკოსები თვითონ ჩადგებიან რიგში მთაწმინდის მისადგომებთან და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეზობლად მდებარე „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან!

პატივისცემით,

მოქალაქე ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 19 სექტემბერი
საქართველო, თბილისი