პოლიტიკა
„საქართველოს სახით ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი, სტაბილური გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მოკავშირე“ - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორის მოადგილე აშიშ კუმარ სენთან ინტერვიუში განაცხადა.

 „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტი იყო იმ უდიდესი მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომელსაც ბოლო 25 წელია, აშშ უცხადებს საქართველოს, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით ჩვენი მისწრაფებების კუთხით. მე და სახელმწიფო მდივანმა კერიმ ხელი მოვაწერეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს, რომლის მიზანიცაა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 „წარმომადგენელთა პალატამ გამოამჟღავნა პარტიათა შორის ერთსულოვნება, როდესაც ხმების უმრავლესობით (410-6) მიიღო რეზოლუცია №660. ამ რეზოლუციაში ასახულია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს საკანონმდებლო დოკუმენტი წარმოადგენს მნიშვნელოვან განცხადებას აშშ-ის მხრიდან საქართველოსა და მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუში.