საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.
„წინასაარჩევნო გარემოს შესწავლისა და არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოს მთავრობამ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია, მათ შორის: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, არაბთა ლიგა, აფრიკის კავშირი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და სხვა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს 400-მდე დამკვირვებელი.
PACE-ს წინასაარჩევნო მისიას ხელმძღვანელობს ემანუელის ზინგერისი - ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფი (EPP/CD). მისიის შემადგენლობაში ასევე შედიან: ფრანგი დეპუტატი სოციალისტების ჯგუფიდან მარივონ ბლონდინი; ესპანელი დეპუტატი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE) ჟორდი ჩუკლა; ნორვეგიელი ინგებიორგა გოდსკესენი ევროპის კონსერვატიული ჯგუფიდან; გერმანელი დეპუტატი ანდრეი ჰუნკო გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების ჯგუფიდან; ასევე ლატვიელი დეპუტატი ბორის სილევიჩი სოციალისტების ჯგუფიდან, შვედი კერსტინ ლუნდგრენი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE).