საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ერთადერთი, რაც საუბრის ჩანაწერიდან გამოჩნდა, ის არის, რომ პაატა ბურჭულაძე “ნაციონალურ მოძრაობასთან” კი არ თანამშრომლობს, არამედ მას ემორჩილება, იღებს ინსტრუქციებს და თითის ქნევას ჩვეულებრივ ამბად აღიქვამს, - განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში.
“ერთადერთი, ვინც ასეთი დიალოგის გამართვაში და შემდეგ სუს-ის დადანაშაულებაში დაინტერესებული იყო, არის “ნაციონალური მოძრაობა”. ეს მათი გეგმის ნაწილია. სააკაშვილი “რუსთავი 2”-სთვის და “ფორბსისთვის” მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ ახალგაზრდების მობილიზებას და ხელისუფლების დამხობას გეგმავს. ხაზი გრძელდება და ეს ყველაფერი იმ ინსტრუქციების ნაწილია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი იძლევა”, - განაცხადა ვოლსკიმ.
“სტაბილურობის შენარჩუნების ნიში ქვეყანაში ძალიან მყარადაა დაკავებული და არის კიდევ ერთი ნიში, რომელიც მათ უნდათ, ბურჭულაძემ და მასთან ასოცირებულმა პარტიებმა დაიკავონ. ხელისუფლების და პრემიერის პოპულარობა დღითი დღე იზრდება და მათ გადაწყვიტეს, ხელისუფლებას ჩრდილი მიაყენონ. აქაც, ნიკა გვარამიამ გადაწყვიტა, საკმაოდ არაპოპულარული ბურჭულაძე თავიდან მოიშოროს და ეს სტრატეგია ბურჭულაძის კისერზე გადაატაროს”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.