სამართალი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მანდატურის ინსტიტუტის დანერგვასთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. ჩატარებული კვლევებისა და სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სკოლის მანდატურის ინსტიტუტის დანერგვის შემდეგ სკოლებში გაუმჯობესდა სასწავლო გარემო და შემცირდა ძალადობის ფაქტები.
შაშკინის თქმით, 2010 წელს საჯარო სკოლებში მანდატურის ინპლემენტაცია წარმატებით განხორციელდა, სკოლის მანდატურები აქტიურად ჩაერთნენ სასკოლო ცხოვრებაში და დაუმეგობრდნენ მოსწავლეებს, თუმცა სხვა რამეს ამბობენ თავად მანდატურები. მაგალითად, ერთ-ერთის (სახელსა და გვარს არ ასახელებს) თქმით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის №53 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის დასასრულს, საკლასო ოთახში ჩაიკეტნენ, მასწავლებელს არ უშვებდნენ შიგნით, ჟრიამულობდნენ და თან ერთხმად გაჰყვიროდნენ: ,,მანდატურებს რა?!’’ (დასრულებას, ალბათ, თავადაც შეძლებთ). აბა, დაუსჯელად ვინ დატოვებდა ამ ბავშვებს, ჰოდა, სულ რაღაც ერთ საათში ყველა დამნაშავე მეთორმეტეკლასელი № 53 სკოლის საპირფარეშოს ხეხავდა და თან ერთხმად იმეორებდნენ: ,,მანდატურებს გაუმარჯოს!’’.
გია კაშია, № 53 სკოლის დირექტორი:
- სკოლაში ასეთი ფაქტი იყო, თუმცა არანაირი კონფლიქტი ამას არ მოჰყოლია, მანდატურებმა თავიანთი მოვალეობა შეასრულეს.