საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. შს მინისტრმა უწყების თანამშრომლებს მის მიერ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე და შუალედური არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდა.
ბრძანების შესაბამისად, საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ: მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას; არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა შესაძლო გამოცხადების მიზნით, უსაფრთხოების გეგმის შემუშავებასა და არჩევნების პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ორგანიზებას.
შს მინისტრის ბრძანება ძალაში უკვე შევიდა.