პოლიტიკა
რადიკალიზაცია “საქართველოს ერთგულების სახელით“?!

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლება კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებს, რათა ყველანაირი რადიკალიზაცია თავიდან ავიცილოთ“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

 „წარსულში დარჩა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებდა არჩევნებს. ასეთი რამ საქართველოში აღარ განმეორდება. საუბარია იმაზე, რომ თავიდან ავიცილოთ დაძაბულობა, მაქსიმალურად მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე, ჩავატაროთ არჩევნები და უზრუნველვყოთ, რომ როგორც პირველი ტური, ისე პირველსა და მეორე ტურს შორის პერიოდი თავისუფალი იყოს ყველანაირი შეხლა-შემოხლისგან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 მისი განმარტებით, ხელისუფლებისთვის ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც არის „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომლის ამოცანაა საქართველოში სიტუაციის რადიკალიზაცია.

 „ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, სიტუაცია აურიოს საქართველოში. დღეს ჩვენ შეგვწევს ძალა, დავიცვათ პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია და ის გზა, რომლითაც საქართველო დღეს მიდის - ეს არის დემოკრატიის გზა, სიტყვის თავისუფლების, ადამიანების უფლებების დაცვის გზა და არავითარ შემთხვევაში არავის მივცემთ უფლებას, საქართველომ ამ გზიდან რამენაირად გადაუხვიოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.