საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. „ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია არც ამერიკისგან და არც რუსეთისგან არ იმართება!“ - ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკურ ველზე პარტიის "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" შემოსვლა არც ხელისუფლებას აწყობს და არც ოპოზიციას.
"მათ მრავალპარტიული პარლამენტი იმ შემთხვევაში აწყობთ, თუ ეს მრავალპარტიულობა ვაშინგტონიდან იქნება მართული. ჩემთვის მიუღებელია მართვა როგორც ვაშინგტონიდან, ასევე მოსკოვიდან. არის პარტიები, რომელთა მართვის პულტი ქვეყნის გარეთ არის და არა შიგნით. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია არცერთი ქვეყნიდან არ იმართება და თამაზ მეჭიაური არავისგან მართული არ არის", - განაცხადა მეჭიაურმა.
მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ს საქართველოში თავისი ინტერესები აქვთ.
„რეალობაა ის, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და რეალობაა ისიც, რომ ამერიკაც ოკუპანტია. არ მითხრათ, რომ ამერიკაში დემოკრატია 200 წელია, ყვავის. არც ინდიელები დავიწყებია ვინმეს და არც - არცთუ ისე შორეულ წარსულში - შავკანიანების მიმართ მათი დამოკიდებულება; არც ვიეტნამი დავიწყებია ვინმეს და არც - ახლო აღმოსავლეთი. ასე რომ, რუსეთი არის იმპერია, მაგრამ ამერიკაც იმპერიაა და ორივეს თავისი ინტერესები აქვს, რაც საკუთარი მოქალაქეების ინტერესებზეა აწყობილი და არა ჩვენი მოქალაქეების", - განაცხადა პარტიის ლიდერმა.
"ჩვენ ამერიკასთანაც უნდა ვილაპარაკოთ, თურქეთთანაც და ყველასთან, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ბედი მეტწილად რუსეთში წყდება და ამიტომ, პრაგმატულად, უნდა წავიდეთ და რუსეთს დაველაპარაკოთ", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.