უცხოეთი
"გაზპრომის" შვილობილი კომპანიის ტოპმენეჯერი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ხელი უკვე მოაწერა.

 კარენ კარაპეტიანი რუსული ენერგოგიგანტის “გაზპრომის” ტოპმენეჯერი იყო. ის 2001-2010 წლებში “გაზპრომ-არმენიას” გენერალური დირექტორი იყო. 2011 წლის დეკემბერში კი “გაზპრომბანკის” პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 2012 წლის ნოემბრიდან ის  კომპანია “გაზპრომ მეჟრეგიონგაზის” გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, 2015 წელს კი “გაზპრომ ენერგოჰოლდინგში” ასევე გენერალური დირექტორის მოადგილედ გადაინაცვლა. ამასთან,  2010 წლის დეკემბერიდან 2011 წლის ოქტომბრამდე კარაპეტიანი ერევნის მერის თანამდებობას იკავებდა.

 სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა თანამდებობა 8 სექტემბერს დატოვა. გამოცემა “ინტერფაქსის” ცნობით, აბრამიანი 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.