საზოგადოება
ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრის პრეჰოსპიტალურმა სამსახურმა ფუნქციონირება განაახლა

gudushauriდღეს, 10 იანვარს, "აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის" პრეჰოსპიტალურმა სამსახურმა ფუნქციონირება განაახლა.

ცენტრის მუშაობა გეგმიური სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიების განხორციელების მიზნით იყო შეჩერებული, რომლის დასრულების შემდეგაც გადაწყვიტეს კლინიკის ფუნქციონირების განახლება.

როგორც საქინფორმის კორესპონდენტს კლინიკის ადმინისტრაციაში აცნობეს, სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების განხორციელება იქ 2011 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და 10 იანვარს დასრულდა. პერინატალური დეპარტამენტის ნეონატალურ განყოფილებაში პაციენტების მიღება 2010 წლის 20 დეკემბრიდან, კლინიკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებში 2010 წლის 25 დეკემბრიდან, ხოლო პრეჰოსპიტალური სამსახურის ფუნქციონირება 2011 წლის 3 იანვრიდან შეჩერდა.

ის პაციენტები, რომლებიც გეგმიური სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიების დაწყებამდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ან ბინაზე გაწერა, ან სხვა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილა.

როგორც ამ დარგის ექსპერტ-სპეციალისტები აცხადებენ, აკადემიკოს. ო. ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრი წარმოადგენს უმაღლესი დონის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებას. ის გაანგარიშებულია 200 საწოლზე.