საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საუნივერსიტეტო ქალაქის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„საძირკველი ეყრება ეპოქალური მნიშვნელობის პროექტს. ფუძნდება უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი, აშენდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც უპრეცედენტო საგანმანათლებლო ცენტრი იქნება მთელ რეგიონში", - აღნიშნა პრემიერმა.
"ქუთაისისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის დაბრუნების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ეს იდეა მან პირველად საზოგადოებას ჯერ კიდევ 2011 წელს გაუზიარა, როდესაც პირველი წერილი გამოაქვეყნა. დღეს იმის მოწმე ვართ, რომ ოცნება რეალობად იქცა და ბევრისთვის მართლაც მიუწვდომელი პროექტი საქართველოში იწყებს ხორცშესხმას. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„დარწმუნებული ვარ, ეს უნივერსიტეტი იქნება ის საგანმანათლებლო ბაზა, რომელიც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებსა და მეცნიერებს მოამზადებს, რომლებიც გარღვევას მოახდენენ ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და განვითარებაში“, - განაცხადა პრემიერმა.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაპროექტებას, მშენებლობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას სრულად უზრუნველყოფს ფონდი "ქართუ". ორივე პროექტი სახელმწიფო საკუთრებაში გადაეცემა.