საქართველოში პირველად, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ფრანგმა კოლეგამ ჟან-ივ ლე დრიანმა პრესკონფერენცია გამართეს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.
ლევან იზორიამ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ეს არის საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი და წარმატებული ორმხრივი ურთიერთობა თავდაცვის სფეროში. განსაკუთრებით აღსანიშნავია საჩხერის სამთო მომზადების სკოლა. ამ სკოლის შექმნასა და განვითარებაში საფრანგეთს უდიდესი წვლილი მიუძღვის. ბატონმა მინისტრმა დღეს აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. საუბარია აბულის სამთო სასროლეთის განვითარებაზე და მინისტრმა ამ მიმართულებით კონკრეტული მხარდაჭერა აღგვითქვა.“
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ფრანგ კოლეგას სამხედრო განათლების სფეროში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „გვქონდა საუბარი სამხედრო განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე. საფრანგეთის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უფრო გაიზრდება გაცვლითი პროგრამები და უფრო მეტი კადეტი შეძლებს საფრანგეთში განათლების მიღებას,“ - აღნიშნა მან.
თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ის მხარდაჭერა, რომელსაც საფრანგეთის მხარე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში იჩენს: „საუბარია ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სფეროში. ბატონმა მინისტრმა ბრძანა, რომ ამ მიმართულებით გაძლიერდება თანამშრომლობა და წლის ბოლოს ექსპერტიც იქნება მოვლენილი, რათა კონკრეტულად დაიგეგმოს, თუ რა ფორმას მიიღებს და რა ეტაპები იქნება იდენტიფიცირებული სამომავლო თანამშრომლობისთვის.“
როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საფრანგეთი მზად არის გააძლიეროს ნატოს ეგიდით თავისი წარმომადგენლობა შავი ზღვის აუზში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონის უსაფრთხოებისთვის. „ახლო მომავალში ნატოს ეგიდით ჩვენ ველოდებით ფრანგულ ხომალდს, რაც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვის და ვარშავის სამიტზე მიღებული კომუნიკეს იმპლემენტაციისთვის, რომელიც, როგორც ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, ისე შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
საუბრის თემა იყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. მინისტრის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ძალაშია და შესაბამისად, ის პირობები, რომელიც კონტრაქტით არის გათვალისწინებული განხორციელდება.
შეხვედრაზე საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ქართველი სამხედრო შენაერთების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზეც იმსჯელეს. „ახლო მომავალში, როდესაც ტექნიკური შეთანხმების გაფორმება მოხდება, ქართული ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფრანგულ შენაერთებთან ერთად განხორციელებს სამშვიდობო მისიას,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „საქართველო და საფრანგეთი ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ. ყოველთვის ვცდილობდით, მხარი დაგვეჭირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. აპრილის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი სტუმრობდა საფრანგეთს, ორი წლის წინ კი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი იმყოფებოდა საქართველოში. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფრანგი თავდაცვის მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება თქვენს უწყებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 10 წლის იუბილის აღნიშვნაა. როგორც მან განაცხადა, სამთო სკოლა ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩემი ვიზიტის მეორე მიზეზი კი არის ის, რომ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი საჰაერო თავდაცვის სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას, თქვენი აღჭურვილობის ტრანსფორმაციასა და ადაპტირებას. ჩვენ შევადგინეთ დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. საჰაერო თავდაცვა ის სფეროა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად,“ - აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.
მან ქართველ კოლეგას საჯაროდ გადაუხადა მადლობა სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობისთვის: „ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა უკვე მიიღო მონაწილეობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროპული ძალების (EUFOR RCA) მისიაში. შესაძლებლობა მქონდა ბანგის აეროპორტში ქართველ სამხედროებს შევხვედროდი, რომლებიც უსაფრთხოებას ადგილზე უზრუნველყოფდნენ. გადავდივართ ახალ ფაზაში, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის არმიის ჩამოყალიბებას და ქვეყანაში დემოკრატიის დამყარებას. ახალი ევროპული მისია - ევროკავშირის საწვრთნელი მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (EUTM RCA) ასოცირებას რამდენიმე დღეში მიიღებს. მივესალმები კოლექტიურ ოპერაციებში მონაწილეობისთვის თქვენს მზაობას, რომლის ერთ-ერთი მაგალითიცაა "მტკიცე მხარდაჭერის" მისია ავღანეთში.“
ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, საუბარი შეეხო მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა კონფლიქტებსაც და შავი ზღვის აუზში საფრანგეთის წარმომადგენლობის გაძლიერებას. „ბათუმის პორტში, ოქტომბერში ფრანგული გემის შემოსვლა იგეგმება. ესეც ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი სიმბოლოა. საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო, სანდო და კონსტრუქციულია. ჩემი ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას,“ - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.
ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც საქართველოსა და საფრანგეთს შორის გაფორმებულ საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულებას ეხებოდა, ჟან-ივ ლე დრიანმა აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვა ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია: „არსებითი პაკეტის ფარგლებში საფრანგეთმა საქართველოსთან საჰაერო თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა იტვირთვა, რომელიც სუვერენულობის წამყვანი ელემენტია. ამ თვალსაზრისით, ჩვენ სწრაფად ვიმოქმედეთ, რათა საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს ეფექტური საშუალებები ჰქონოდა საჰაერო სუვერენულობის კუთხით. მე ზუსტად ახლა ვუთხარი მინისტრს, რომ ამ ფორმატში ჩვენ საჰაერო არმიის ოფიცერი მოვავლინეთ, რომელსაც დაევალება, აამოქმედოს და განახორციელოს ყველა ის რეკომენდაცია, რაც საჭიროა თავდაცვის აღნიშნული საშუალების კონკრეტული გამოყენებისთვის.“