საზოგადოება
„აშშ არ შეეგუება რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის ძალისხმევას“ – ედ როისი

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი.  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს, გაწყვიტოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის  კავშირი, რათა აღადგინოს თავისი დომინირება საქართველოზე,- ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ედ როისმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

 „2000 წლიდანხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრეზიდენტი პუტინი ატარებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, რაც მოიცავს ეკონომიკურ ზეწოლას, შეიარაღებულ კონფლიქტს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას. ეს ჰგავს ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, სადაც რუსეთმა ყირიმის ანექსირება მოახდინა. პრეზიდენტ პუტინს აქვს ტერიტორიული ამბიციები საქართველოში, აძლიერებს სეპარატისტულ ძალებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რის საბოლოო მიზანსაც ამ რეგიონების ანექსირება წარმოადგენს. რუსეთმა უკვე ფორმალურად აღიარა ეს ორი რეგიონი დამოუკიდებელ ქვეყნებად. ამ ძალისხმევის დროს რუსეთი იყენებს ძლიერ პროპაგანდისტულ მანქანას, რათა დაარწმუნოს ქართველი ხალხი, რომ აშშ-მა და დასავლეთმა მათზე უარი თქვეს, რომ მათ სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა მოსკოვისა და მისი იმპერიული ამბიციების მორჩილებისა“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 „მოსკოვი იმედოვნებს, რომ მისი დეზინფორმაციის კამპანია დაარწმუნებს ქართველებს, რომ ისინი მარტონი და უმწეონი არიან და რომ მათ დასავლეთთან მჭიდრო კავშირზე უარი უნდა თქვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან. ჩვენმა მაუწყებლობამ “რადიო თავისუფლების” საშუალებით უნდა გაუწიოს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ამ მავნე პროპაგანდას. ამ რეზოლუციის მხარდაჭერით წარმომადგენელთა პალატა გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომელსაც გაიგებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კრემლშიც: აშშ არ შეეგუება რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის ძალისხმევას და ჩვენ ყოველთვის დავრჩებით ამ დემოკრატიისა და გულადი ქართველი ხალხის მტკიცე პარტნიორებად”, - განაცხადა ედ  როისმა.